ქუთაისის 20-წლამდელთა გუნდი ევროპის ლიგის ჩელენჯ თასის გამარჯვებულია

ქუთაისის 20-წლამდელთა გუნდი ევროპის ლიგის ჩელენჯ თასის გამარჯვებულია

ქუთაისის 20-წლამდელთა გუნდი ევროპის ახალგაზრული ლიგის შესაბამის ასაკში ჩელენჯ თასის გამარჯვებული გახდა. ეს ის გუნდია, რომელსაც სუპერლიგის კლუბ “ქუთაისისა” და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კოტე ტუღუში წვრთნის და რომელიც საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალშია გასული. ქუთაისელები ფინალურ სერიას 1:0 უგებენ “ოვერტაიმს” და ჩემპიონობამდე 1 მოგება აკლიათ.

ეს გუნდი რამდენიმე კალათბურთელით იყო გაძლიერებული და გასული აღდგომის დღეებში  სლოვაკეთში გამართულ EYBL-ის (ევროპის ახალგაზრდული ლიგა) ჩელენჯ თასში იასპარეზა, სადაც თავი ამ ტურნირის საუკეთესო გუნდებმა მოიყარეს. პირველ შეხვედრაში ქუთაისელებმა ჩეხური დილანგის აკადემია დაამარცხეს – 86:55. მატჩის ბომბარდირი გახდა კოკა კაკულია, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე 18 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა.

მეორე მეტოქე გახლდათ გერმანული “ჰამბურგი”, რომელიც ქუთაისელებმა 102:79 დაამარცხეს. საუკეთესო შედეგი ჰქონდა გერა ჭეიშვილს, რომელმაც 19 ქულა და 5 ჩაჭრა მიითვალა. მესამე და ფინალის ტოლფას შეხვედრაში ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ფინურ “ტურკუს” დაუპირისპირდა და არც მისი დამარცხება გასჭირვებია. ქართულმა გუნდმა მეტოქეს 80:66 აჯობა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალურ მატჩში 24 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი გიორგი ოჩხიკიძემ მიითვალა, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და MVP-ის პრიზი გადასცეს. ფინალური მატჩის MVP კოკა კაკულია გახდა, ხოლო გიორგი სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქუთაისი ახლა მთლიანად შიდაასპარეზზე გადაერთვება. სლოვაკეთში გამარჯვებული გუნდის რამდენიმე წევრი სუპერლიგის გუნდშიც თამაშობს, სადაც ქუთაისელები ნახევარფინალურ სერიაში გაუ-ს ამარცხებენ, ხოლო 22-წლამდელთა ჩემპიონატში, როგორც გითხარით, ფინალში არიან.