ქუთაისის მორიგი გამარჯვება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ქუთაისის მორიგი გამარჯვება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 ტრადიციულად
რეგიონში გაიხსნა საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტური. იმერეთის დედაქალაქმა დღეს
ადგილობრივი ,,ქუთაისისა“ და ,,დინამოს“  დაპირისპირებას
უმასპინძლა. 

მატჩი სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა,  ,,ქუთათურებმა“ დასაწყისშივე მოიპოვეს უპირატესობა
და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი  მოგებით გავიდნენ.
  ,,დინამოელებმა“ მობილიზება მოახერხეს მესამე
პერიოდიდანვე, მეოთხე მეოთხედი კი სულაც ფრედ დაასრულეს, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი
შეხვედრის მოსაგებად –  ,,ქუთაისმა“ მორიგი გამარჯვება 90:78 იზეიმა.

   მასპინძლების მოგება გუნდურმა თამაშმაც განაპირობა.
გამორჩეული კალათბურთელი  კი ეროვნული ნაკრების
წევრი რიჩარდ მათიაშვილი გახლდათ, რომელსაც ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე -19
ქულა, 9 მოხსნა.  

   ,,დინამოელებს“
ლეგიონერმა ფლინ კლაიმენმა ულიდერა, რომელმაც ორივე გუნდის რიგებში, ყველაზე მეტი,
 26 ქულა ჩაიწერა აქტივში.

 შეგახსენებთ,
რომ სუპერლიგის მეოთხე ტურის დარჩენილ თამაშებს ხვალ 11:45 საათიდან, თბილისის სპორტის
სასახლე უმასპინძლებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები:

დავით უსტიაშვილი
(ქუთაისი): დაძაბული და საინტერესო მატჩი გამოდგა, რომელიც ჩვენი უპირატესობით წარიმართა.
,,დინამომ“ წინა თამაშთან შედარებით დღეს ბოლომდე იბრძოლა და ბევრად უკეთესი თამაში
აჩვენა,  თუმცა გამარჯვება ჩვენმა გუნდმა მოიპოვა
და ვფიქრობ სრულიად დამსახურებულადაც.

ირაკლი ხოშტარია
(დინამო):  გასულ ტურში, რუსთავთან ჩატარებული
კატასტროფული მატჩის შემდეგ, მოთამაშეებთან უმკაცრესი საუბარი მქონდა, რამაც შედეგი
გამოიღო და დღეს ჩვენმა გუნდმა შეხვედრის ბოლო წუთებამდე იბრძოლა, თუმცა მიუხედავად
ამისა, მარცხი განიცადა. რა თქმა უნდა, გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი არ ვარ. ვეცდებით
მომავალში მეტი ვიმუშაოთ,  თამაში გამოვასწოროთ
და უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.