ქუთაისმა დუდუ დადიანის ფინალში მარგვეთი დაამარცხა და ტიტული მესამედ მოიგო

ქუთაისმა დუდუ დადიანის ფინალში მარგვეთი დაამარცხა და ტიტული მესამედ მოიგო

დუდუ დადიანის XXII გათამაშების გამარჯვებული გახდა საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010”. იმერულ კლუბს დადიანის მემორიალი აქამდე 2011 და 2020 წლები ჰქონდა მოგებული და დღევანდელი გამარჯვებით ტიტულს მესამედ შესწვდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ფინალურ მატჩში ზესტაფონის “მარგვეთი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს. 

თამაშში ლიდერი ერთხელ შეიცვალა. პირველი ბურთი რომ ჩააგდეს და დაწინაურდნენ, ზესტაფონელები წინ იყვნენ, სანამ თამაშის დასრულებამდე 2:10 წუთი არ დარჩა. სწორედ ამ დროს აკაკი დვალიშვილმა ორქულიანი ჩააგდო და ქუთაისელები 87:86 დააწინაურა. ნომინალურმა ცენტრმა დვალიშვილმა მომდევნო შეტევაში სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ბოლო წუთზე, როცა ქუთაისელები 2 ქულით იგებდნენ, გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო. 

ზემოთაღნიშნულ სპურტამდე დვალიშვილი მოედანზე ახალი დაბრუნებული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისელთა მწვრთნელს შეცვლამ გაუმართლა. დვალიშვილმა შორი და საშუალო დისტანციებიდან ჩააგდო, რასაც მეტოქე ნაკლებად მოელოდა და ამიტომაც იყო, მეურვე მას პერიმეტრზე ბოლომდე რომ არ აჰყვა.

დვალიშვილი დამსახურებულად გახდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც მატჩის დასრულების შემდეგ MVP-ის ტიტული საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, ლაშა გამყრელიძემ გადასცა. დვალიშვილმა, უკვე ქუთაისის კაპიტნის რანგში დუდუ დადიანის თასი ჩაიბარა, რომელიც მას დუდუ დადიანის ძმისშვილებმა – ნიტამ, სანდრომ და ანდრიამ გადასცეს. 

მარგვეთი გამარჯვებასთან ახლოს იყო. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ გუნდს ძალა და გამოცდილება არ ეყო, კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. მარგვეთი ყველაზე მეტს 10 ქულას იგებდა, რაც ძირითადად მათი სნაიპერების დამსახურება იყო. ზესტაფონელებმა ამჯერადაც მეტოქეზე მეტი სამიანი ჩააგდეს, რაც აკაკი ლომოურის (4 სამიანი), ლუკა ზაქრაძის (3) და მაიკლ მეიესის (2) დამსახურება იყო. ქუთაისელთა წარმატების გასაღებიც იმაშია, რომ ბოლო პერიოდში საიმედოდ გადაკეტეს პერიმეტრი და რაკი მეტოქის ყველაზე საშიში იარაღი გაანეიტრალეს, ფარქვეშა, პოზიციურ თამასა და საშუალო სროლებში (დვალიშვილის წყალობით) მეტოქეს აჯობეს.

მატჩი საბოლოოდ ქუთაისელთა სასარგებლოდ – 94:89 (სტატისტიკა) დასრულდა. ყველაზე შედეგიანი გიორგი ოჩხიკიძე იყო – 20 ქულა, 11 პასი. 20 ქულა მიითვალა გიორგი სულაბერიძემ. ბრწყინვალე ორმაგი დუბლი (17 ქულა, 12 მოხსნა) გამოჭედა გიორგი კორსანტიამ. ტურნირის MVP აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე კი 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა დაგროვდა. მარგვეთში 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ტაიშონ კროუფორდი. მაიკლ მეიესმა შეხვედრა 22 ქულით, 8 მოხსნითა და 4 ასით დაასრულა. აკაკი ლომოურის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.