ქუთაისმა კაკტუსს სძლია და პლეი ოფში გასასვლელად დელტას დამარცხება სჭირდება

ქუთაისმა კაკტუსს სძლია და პლეი ოფში გასასვლელად დელტას დამარცხება სჭირდება

სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისი” პლეი ოფთან ახლოს არის. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს “კაკტუსი”

 დაამარცხა და მოხვდება თუ არა პლეი ოფში გამსვლელ 8 გუნდს შორის,მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. საამისოდ იმერულმა კლუბმა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში გურჯაანის “დელტა” უნდა დაამარცხოს. ეს თუ მოახერხა, “ქუთაისი” 9 მოგებას დააგროვებს და მარვეთისთვისაც და ტიტებისთვისაც მიუწვდომელი გახდება.

კაკტუსმა პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა, თუმცა მეორეში საქმეები აეწეწა და 9 მატჩიდან 7 წააგო. ქუთაისთან დღევანდელ მატჩში კაკტუსელები 23 ქულით აგებდნენ, საბოლოოდ კი 5-ით წააგეს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი თბილისური გუნდი ერთხელაც არ დაწინაურებულა და შეხვედრა, რომლის მოგება მეტოქეს უფრო სჭირდებოდა, ბრძოლაში დათმო.

ქუთაისელთაგან სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა კახა ჯინჭარაძემ, რომელმაც 19 ქულა, 13 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. 17 ქულა და 6 მოხსნა ჯარვის რეიმ მიითვალა, 16 ქულა ლევან გრძელიძის ანგარიშზეა. კაკტუსში 19 ქულით რევაზ ჩაჩანიძე გამოირჩა. 17-17 ქულა რაიან ალენმა და მაილს დენიელსმა მიითვალეს. 

პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს ტიტებსაც, რომელიც 2 აპრილს თსუ-ს ხვდება და თუ მოუგებს, მერე ქუთაისის დელტასთან შედეგზე იქნება დამოკიდებული, რადგან თავის მატჩს დაგეგმილად მოიგებს – მეტოქე “ა” ლიგაში დაქვეითებული და რეალურად სუსტი ვერა ჰყავს. თუ ქუთაისი დელტასთან წააგებს, ტიტებს ვერასთან მოგება პლეი ოფში გაიყვანს.

სუპერლიგის ერთ მატჩს 2 აპრილს დიღმის არენა უმასპინძლებს: ტიტები თსუ-ს წინააღმდეგ.