ქუთაისმა რუსთავი ბოლო წუთებში გატეხა და სუპერლიგაში მე-7 გამარჯვება მოიპოვა

ქუთაისმა რუსთავი ბოლო წუთებში გატეხა და სუპერლიგაში მე-7 გამარჯვება მოიპოვა

სუპერლიგის კიდევ ერთ მატჩს უმასპინძლა იმერეთის რეგიონმა. დღეს, ტყიბულში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ორბმა გაუ დაამარცხა, ქუთაისში კიდევ ერთი რეგიონული დერბი შედგა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისმა ანატოლი ბოისას რუსთავს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 97:90 (სტატისტიკა) დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და გამარჯვებულიც დაძაბულ ბრძოლაში გამოვლინდა. შეხვედრაში ლიდერი 10-ჯერ შეიცვალა, თანაბარი ანგარიშიც 10-ჯერ დაფიქსირდა. ქვემოქართლელები მოსაგებად შემართულები ჩავიდნენ იმერეთში, რადგან პირველი წრის 10 შეხვედრიდან მათთვის უჩვეულოდ ცოტა – 4 მოგება ჰქონდათ მოპოვებული. რუსთავს საკმაოდ შორსმიმავალი გეგმები აქვს, თუმცა არანაკლებად ამბიციურია ქუთაისი, რომელიც ცხრილშიც მაღლაა და თან შინაურ არენაზე თამაშობდა.

ქუთაისელი ქომაგების მხარდაჭერით და რა თქმა უნდა, საკუთარი მონდომებით, მასპინძლებმა მოახერხეს სოლიდური ჩამორჩენის აღმოფხვრა. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ რუსთაველებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. ეს უპირატესობა სტუმრებმა ერთ პერიოდში გააორმაგეს და დასკვნითი მეოთხედის წინ უკვე 8 ქულას იგებდნენ.

ქუთაისელებმა დაცვა გაამაგრეს, შეტევაში კი როგორც სწრაფი შეტევებით ხეირობდნენ, ისე ფარქვეშ, პოზიციურ თამაშში მძლავრობდნენ. ამ კომპონენტში მარქუს გილსონი და აკაკი დვალიშვილი გამოირჩეოდნენ, უკანა ხაზიდან კი შეტევებს დეტრეკ ბრაუნინგი ამწვავებდა. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მასპინძლები მეტოქეს წამოეწივნენ და წინაც გავიდნენ. ბოლო წუთებზე თამაში ქულა-ქულაში გაგრძლედა და კვანძი ბოლოსწინა წუთზე გაიხსნა, როცა ქუთაისელებმა უფრო შედეგიანად ითამაშეს, რასაც რუსთაველი გუგა პატაშურის არასპორტული ჯარიმა დაერთო და მასპინძლები მიუწვდომლები გახდნენ.

ქუთაისელთა რიგებში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა დეტრეკ ბრაუნინგმა, რომელმაც 25 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. 20 ქულა მარქუს გილსონის ანგარიშზეა, ხოლო კაპიტანმა აკაკი დვალიშვილმა 14 ქულა დააგროვა. რუსთავის შემადგენლობაში 23 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ბულაშვილი, საერთო სარგებლიანობით საუკეთესო კი გუგა პატაშური იყო – 16 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი.

სუპერლიგის მე-12 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 4 თებერვალს – გორსა და თბილისში გაიმართება. შიდა ქართლში სათამაშოდ დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერი თსუ ჩავა, დედაქალაქში კი ერთმანეთს კავკასია და მარგვეტი დაუპირისპირდებიან. 

მატჩის სრული ვიდეო-რეპორტაჟი