ქუთაისმა რუსთავში ბოლო წამებზე იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ქუთაისმა რუსთავში ბოლო წამებზე იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა მეორე წრის
მე-7 ტურის ბოლო მატჩი, რომელსაც რუსთავმა უმასპინძლა. 

ქვემო ქართლში გამართული შეხვედრაში
ერთმანეთს „რუსთავი“ და „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები
პირველ ტაიმში დამაჯერებლად იგებდნენ, მეორე ნახევარში ქუთაისელებმა მოახერხეს თამაშის
დალაგება და საბოლოოდ 1 ქულით – ანგარიშით 85:84 გაიმარჯვეს.

 იყო ეპიზოდი, როცა რუსთაველები 12 ქულით უგებდნენ, თუმცა
დიდ შესვენებაზე მასპინძლები 39:30 ლიდერობით გავიდნენ. მესამე პერიოდში ქუთაისელებმა
ინიციატივა მოიპოვეს, რაც ძმები ბარბაქაძეების დამსახურება იყო. სწრაფი გარღვევებითა
და შორი სროლებით ქუთაისელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ დაწინაურდნენ კიდეც.

 ბოლო პერიოდი მასპინძლების 2-ქულიანი ლიდერობით დაიწყო,
შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა.
ქუთაისელებმა ლამის მოგებული მატჩი წააგეს. ბოლო წუთი ახალი დაწყებული იყო, როცა
82:80 დაწინაურებული „ქუთაისის“ ფორვარდი დავით ბარბაქაძე საჯარიმოს ხაზზე დადგა და
მხოლოდ 1 სროლა ჩააგდო. საფინალო სირენამდე 43 წამით ადრე რუსთაველთა ამერიკელმა უკანახაზელმა,
ნეით ბოუიმ შორეული ორქულიანით თავისი გუნდის ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა –
82:83. ქუთაისელებმა მომდევნო შეტევაში კომბინაცია კარგად გაათამაშეს და სასროლ პოზიციაზე
დარჩენილ დავით ბარბაქაძეზე ჟოლივეტ ტუჯანი დაჯარიმდა.

 საფინალო სირენამდე 19 წამი რჩებოდა, ბარბაქაძემ კი
ორივე სროლა ააცილა და რუსთაველებმა კონტრშეტევა წარმატებით დააგვირგვინეს. იმავ ნეით
ბოუიმ ახლო მანძილიდან ზუსტად ესროლა და თავისი გუნდი დასრულებამდე 9 წამით ადრე
84:83 დააწინაურა. ქუთაისელებმა წუთშესვენება აიღეს და დავით უსტიაშვილმა კომბინაცია
რიჩარდ მათიაშვილზე ააწყო. სტუმრებმა მწვრთნელის დავალება კარგად შეასრულეს და მათიაშვილმა
საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე ქუთაისელები 85:84 დააწინაურა.

 დარჩენილ 5 წამში რუსთაველებმა სროლის ორგანიზება მოასწრეს,
მაგრამ სირენის თანხლებით გატყორცნილი ბურთი ქუთაისელთა კალათის რკალზე დატრიალდა და
მასპინძელთა სავალალოდ ბადეში არ ჩაეშვა.

გამარჯვებულთაგან 28 ქულით საუკეთესო დავით ბარბაქაძე
იყო, რომელმაც 7-დან 6 ორქულიანი და 8-დან 4 სამიანი ჩააგდო. 18 ქულა დააგროვა მისმა
ძმა გიორგიმ, ხოლო აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევს სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა –
15 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა. რუსთაველთაგან საუკეთესო ნეით ბოუი იყო, რომელმაც
26 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 8 პასი მოაგროვა. 21 ქულითა და 19 მოხსნით დაასრულა
შეხვედრა კაილი ნელსონმა, რომელიც მატჩის გმირი გახდებოდა, საფინალო სირენის თანხლებით
ნასროლი ბურთი რომ ჩაეგდო.
მატჩისშემდგომი კომენტარები:

დავით უსტიაშვილი(ქუთაისი):

 ველოდი, რომ
დაძაბული მატჩი იქნებოდა და ასეც მოხდა. ორივე გუნდს დანაკლისი ჰქონდა – რუსთაველებს
ლევან ცეკვავა და მიხეილ ჭოჭუა აკლდა, ჩვენ კი გამთამაშებლის, ბუბა კვიმსაძის გარეშე
ვთამაშობდით. იყო შემთხვევები, როცა ბოლო წამებზე გადაწყდა მატჩის ბედი და ყველაფერი
ჩვენს საწინააღმდეგოდ მოხდა. რუსთავში კი საბედნიეროდ საპირისპირო სიტუაციაში აღმოვჩნდით
და გადამწყვეტ მომენტში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

 მიხეილ ბერუაშვილი(რუსთავი):

რა უნდა ვთქვა, ფაქტია, რომ წავაგეთ. ყველაფერი ბოლო
წამებზე გადაწყდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ჩვენს სასარგებლოდ. საქმე ბოლო წუთებამდე
არ უნდა მიგვეყვანა, მესამე და მეოთხე ათწუთეულებში ცუდად ვითამაშეთ და შეხვედრაც ამის
გამო დავთმეთ. ვულოცავ ქუთაისელებს ამ გამარჯვებას, ჩვენ კი ვეცდებით, ამ მატჩში დაშვებული
შეცდომები გამოვასწოროთ და მომავალ, გაცილებით მნიშვნელოვან მატჩებს კარგად მომზადებულები
შევხვდეთ.
რუსთავი – ქუთაისი 84:85