ქუთაისმა შსს ვერ შეაჩერა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

თბილისის სპორტის
სასახლემ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიების პირველ მატჩს უმასპინძლა. „შსს-აკადემიამ“
21 ქულის სხვაობით დაამარცხა „ქუთაისი“ და სერიაში 1:0 დაწინაურდა. 

აღსანიშნავია, რომ
ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც სერიაში სამ გამარჯვებას მოიპოვებს.

ქუთაისელებმა
რეგულარული ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულეს და მეოთხედფინალიდან მე-3-ზე გასული
„რუსთავი“ რომ გამოაგდეს, ეს მათთვის უკვე წარმატებაა. ცხადია, სპორტში მიღწეულზე არავინ
ჩერდება და ქუთაისელებსაც კიდევ უფრო წინ წასვლა სურთ, თუმცა საკითხავი ისაა, გამოუვათ
თუ არა ეს. პირველ მატჩში იმერულმა კლუბმა ბოლომდე იბრძოლა, შედეგებით უფრო ძლიერ მეტოქეს
სადამდეც შეეძლო, წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ მაინც დიდი სხვაობით დამარცხდა.

იყო პერიოდი,
მეორე მეოთხედის შუაში, როცა ქუთაისელებს შორი სროლები წაუვიდათ, რასაც რიჩარდ მათიაშვილის
ფარქვეშ წარმატებული თამაშიც დაერთო და სტუმრები 27:24 დაწინაურდნენ. ქუთაისლების ლიდერობა
დიდხანს არ გაგრძელებულა. აკადემიელებმა მალევე მოახერხეს ლიდერობის დაბრუნება, რაც
მათი მწყობრი დაცვისა და შედეგიანი შეტევის დამსახურება გახლდათ.

გამორჩეული დღე
ჰქონდა „შსს-აკადემიის“  ცენტრ ილია ლონდარიძეს,
რომელიც მოედანზე მალევე გამოჩნდა და საბოლოოდ მატჩის ბომბარდირი გახდა. მესამე მეოთხედიდან
აკადემიელთა ლიდერობამ ზრდა იწყო, რასაც ხელს ქუთაისელები უშლიდნენ, მაგრამ მეოთხე
პერიოდში მასპინძლებმა მაინც თავისი გაიტანეს. როცა ანგარიშში სხვაობა 10 ქულის ფარგლებში
მერყეობდა, აკადემიელთა ამერიკელმა გამთამაშებელმა დენოტა ვონმა 2 სამქულიანი ჩააგდო
და მასპინძელთა უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია. „ქუთაისიც’’ აქ გატყდა და სერიაში პირველი
მატჩის წასაგებად გაიწირა.

გამარჯვებულებს
20 ქულით ლონდარიძემ ულიდერა, 16 ქულით დაასრულა შეხვედრა ვონმა, ხოლო მატჩის ერთადერთი
ორმაგი დუბლი – 15 ქულა და 12 მოხსნა – აკადემიელთა ამერიკელმა ცენტრმა, კირკ არჩიბექმა
გაიქორმა.  ქუთაისელთაგან ყველაზე მეტი –
15 ქულა ზაურ ფაშაევმა დააგროვა, დავით ბარბაქაძის ანგარიშზე კი 13 დაგროვდა.

სერიის მეორე
მატჩი ხვალ, 9 მაისს, სპორტის სასახლეში, 14 საათზე გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გეორგის კესელიდისი(შსს სკადემია): როცა შევიტყვე,
რომ ქუთაისის წინააღმდეგ მოგვიწევდა ნახევარფინალში თამაში, გამიხარდა,  რადგან ქუთაისი ძალიან კარგი გუნდია, დალაგებულ
კალათბურთს თამაშობს და ვიცოდი, რომ კარგი სერია გამოგვივიდოდა.  დავით უსტიაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია
საქართველოში და ქუთაისიც გამორჩეული გუნდია. ხვალ კიდევ უფრო რთული თამაში გველის.
დღეს რამდენიმე მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ და ეს შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ.
დღეს მოედნის უპირატესობა გვქონდა, თუმცა ქუთაისში გველის გასვლითი თამაშები და ამ
სერიას დაძაბულობა არ აკლია.

დავით უსტიაშვილი(ქუთაისი): მივულოცავ შსს
აკადემიას გამარჯვებას, ყველას მოეხსენება, რომ ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
ბევრი ჩვენს წყვილშიც ფავორიტად მათ მიიჩნევს. დღევანდელი თამაში 21 ქულით წავაგეთ,
მაგრამ ამხელა სხვაობას არ ვიმსახურებდით. მე არაფერს ვაბრალებ მსაჯებს, თუმცა დაძაბულ
მომენტებში რამდენიმე შეცდომა დაუშვეს. კიდევ ერთხელ მივულოცავ მეტოქეს. ხვალ ყველაფერს
გავაკეთებთ გამარჯვებისთვის.

რევაზ როგავა(შსს აკადემია):  პირველ რიგში, მადლობა მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის.
დიდი დრო გვქონდა ამ სერიისთვის მოსამზადებლად და კომბინაციები დავაწყვეთ დაცვაშიც
და შეტევაშიც.  ცუდად დავიწყეთ,  შეცდომები გვქონდა დაცვაში, თუმცა შემდეგ გამოვასწორეთ,
სროლებიც წაგვივიდა და ამ სხვაობით გავიმარჯვეთ. წინ ნამდვილად კარგი სერია გველოდება.

დავით ბარბაქაძე(ქუთაისი):  მივულოცავ ,,შსს აკადემიას’’.  ცუდად ვითამაშეთ, დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით.
საკმაოდ რთული მეოთხედფინალური ეტაპი გადავლახეთ და ამანაც იმოქმედა. ხვალ შევეცდებით
გამარჯვება მოვიპოვოთ. 

 შსს აკადემია – ქუთაისი 83:62