ქუთაისმა სუპერლიგის ლიდერ დელტას შანსი არ დაუტოვა

ქუთაისმა სუპერლიგის ლიდერ დელტას შანსი არ დაუტოვა

გუშინ რუსთავში დაწყებული სუპერლიგის მე-16 ტური დღეს იმერეთში გაგრძელდა. ტყიბულმა და ქუთაისმა მორიგ მატჩებს უმასპინძლეს, რომლებიც მასში მონაწილე გუნდებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ტყიბულში, ორბთან სათამაშოდ ბათუმი ჩავიდა, რომელმაც ბოლო ტურებში წაგებებს უხშირა და საქმე იქამდე მივიდა, რომ აჭარული გუნდი აუტსაიდერთა ზონის ზღვარზე იყო. რაც შეეხება ორბს, სუპერლიგის დებიუტანტმა საკმაოდ ბლომად მოგებები აგროვა და ცხრილში გვარიანად დაწინაურებული ბათუმსაც მოსაგებად დაუხვდა.

შეხვედრა ბათუმელებმა დამაჯერებლად – 96:81 (სტატისტიკა) მოიგეს, თუმცა მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხეს. მასპინძელთათვის მოულოდნელი იყო ახალგაზრდა, 21 წლის გიორგი კობახიძის ჩინებული თამაში, უფრო ზუსტად კი, სროლა. კობახიძეს მიმდინარე სუპერლიგაში ჩატარებულ 10 მატჩში მთლიანობაში 6 ქულა ჰქონდა მითვლილი, ბათუმს კი ერთბაშად 18 (8-დან 6 სამქულიანი) ჩაუგდო. 

კობახიძესთან ერთად დიდებულად ითამაშა ბათუმელთა ახალწვეულმა ცენტრმა, მაკოლ მევიენმა, რომელმაც 27 ქულა ისე ჩააგდო, მხოლოდ 3 ბურთი ააცილა. ამერიკელმა მეფარემ 13-დან 11 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო მიითვალა, რაც გამორჩეულად კარგი შედეგია. არადა, მევიენს ბათუმში დებიუტი წინა მატჩში ჰქონდა, როცა კავკასიასთან წაგებულ მატჩში 10 წუთში მხოლოდ 4 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ორბის მეფარეებმა სამწამიანში მევიენი, ხოლო პერიმეტრზე კობახიძე ვერ შეაჩერეს და საბოლოოდ 15 ქულით დამარცხდნენ.

მეორე მატჩში ლიდერები ხვდებოდნენ. სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი, გურჯაანის დელტა ქუთაისში საომრად ჩავიდა, მაგრამ ამაოდ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ისე მომზადებული დაუხვდა დელტას, რომ ამ უკანასკნელს წარმატების მცირედი შანსიც არ ჰქონია. ქუთაისმა პირველი პერიოდი 25:19 მოიგო, ხოლო მეორეში ლიდერობა 19 ქულამდე გაზარდა და თამაშს სპორტული ინტერესი დაუკარგა. მეორე ნახევარში გურჯაანელებმა ვეღარაფერი შეცვალეს და შეხვედრა 19 ქულითვე დათმეს – 75:94 (სტატისტიკა)

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული გიორგი კორსანტია, რომელმაც ქუთაისს 8 ქულა და 10 მოხსნა მოუნაგრა. იმერულ კლუბში 19 ქულით საუკეთესო იყო ომარ კალჰუნი. გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. დამარცხებულთა შორის 13 ქულით სერგი ნინუა გამოირჩა, საბა ლობჯანიძემ 9 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.

ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 10 მარტს თბილისი არენაზე გაიმართება: კავკასია ივერიონს უმასპინძლებს, ხოლო რაში – თსუ-ს.