ქუთაისმა სუპერლიგის “ოლ სტარს” უმასპინძლა

ქუთაისმა სუპერლიგის  “ოლ სტარს” უმასპინძლა

სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩ–აქციას ქუთაისმა უმასპინძლა. იმერეთის მთავარ ქალაქში საქართველოს ჩემპიონატის რჩეული მოთამაშეები შეიკრიბნენ და მაყურებელს საინტერესო სანახაობა უჩვენეს.

„ყველა ვარსკვლავის“ მატჩს ტრადიციულად ახლდა კონკურსები ჩატენვებსა და სამქულიან სროლებში, რომლებმაც საკმაოდ საინტერესოდ და სანახაობრივად ჩაიარეს.
ყველა ვარსკვლავის მატჩი
დავით უსტიაშვილის გუნდი 142:131 ლევან მოსეშვილის გუნდი29:26 33:33 39:37 41:35
თეთრები: ტუღუში (20), გაფრინდაშვილი (14), ანთაძე (6), მარკოიშვილი (30), უგრეხელიძე (8); დ. ბარბაქაძე (23), ხეცურიანი (7), ათუაშვილი (8), დიდია (8), ფაშაევი (3), შენგელია, ჭოჭუა (15).მწვრთნელი: დავით უსტიაშვილილურჯები: ბაქრაძე (2), გულისაბედაშვილი (6), ბოისა (16), გ. ბარბაქაძე (20), მათიაშვილი (16); თავართქილაძე (2), ლაფანაშვილი (5), კეშელავა (26), წივწივაძე (13), ათანელიშვილი (12), ქადარია (6), პირველაშვილი (7).მწვრთნელი: მიხეილ კობეშავიძემსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილიკომისარი: მერაბ რატიშვილი(მატჩის სრულ ოქმს ტექნიკური მიზეზის გამო მოგვიანებით შემოგთავაზებთ )

როგორც ასეთი ტიპის მატჩებს ახასიათებთ, დაცვა და ჯარიმები არც ქუთაისურ შეხვედრაში ვიხილეთ. იყო 1–2 პერსონალური შენიშვნა, თუმცა ეს სათვალავში ჩასაგდები არ გახლავთ. მონაწილენი ცდილობდნენ, ქუთაისურ სპორტის სასახლეში მოსული არცთუ ცოტა მაყურებლისთვის ლამაზი სანახაობა ეჩვენებინათ, რაც ხან გამოსდიოდათ, ხანაც ჩანაფიქრს ბოლომდე ვერ ასრულებდნენ. “ყველა ვარსკვლავის” მატჩის დაწყების წინ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კალათბურთში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ზაურ დოლაბერიძის გარდაცვალებას, რომელსაც, ქუთაისში, კალათბურთის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.შეხვედრა “თეთრების”, ანუ “დავით უსტიაშვილის” გუნდის უპირატესობით დაიწყო და მისივე გამარჯვებით დასრულდა. სხვებისგან ეფექტური თამაშით გამოირჩეოდნენ ძმები ბარბაქაძეები (პატარა და დიდი ველურა), რომლებიც განუწყვეტლივ ცდილობდნენ, ბურთის ჩატენვის თითოეული შესაძლებლობა ხელიდან არ გაეშვათ.საბოლოოდ უფროს ძმას, დათოს უფრო დაუფასდა ეფექტური თამაში და სწორედ იგი გახდა საქართველოს 2009 წლის “ოლ სტარის” საუკეთესო კალათბურთელი.რაც შეეხება მატჩის შედეგს, ის დავით უსტიაშვილის გუნდმა 142:131 მოიგო.

ჩატენვების კონკურსი

ჩატენვების კონკურსის პირველი ეტაპი დიდ შესვენებაზე ჩატარდა. მასში 7 კალათბურთელი გამოდიოდა: დავით ბარბაქაძე (ნტდ-თბილისი), გიგი ბარბაქაძე (სასოფლო), აკაკი დვალიშვილი (“ენერჯი ინვესტი”), ანატოლი ბოისა (“თბილავიამშენი”), მიხეილ ჭოჭუა (“ენერჯი ინვესტი”), გოგა თვაური (სასოფლო) და ზვიად ანთაძე (“მაკაბი”).კონკურსის თითოეულ მონაწილეს ბურთის კალათში ჩატენვის 3 ცდის უფლება ჰქონდა, რომელიც ოთხკაციან ჟიურის 10-ბალიანი სისტემით უნდა შეეფასებინა. თუ არ ჩავთვლით ძმებ ბარბაქაძეებს, კონკურსის დანარჩენმა მონაწილეებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს – ჭოჭუამ და თვაურმა ჟიურისაგან ძალიან დაბალი შეფასება მიიღეს, ხოლო ბოისამ, დვალიშვილმა და ანთაძემ სამივე ცდა გააცუდეს და შეფასების გარეშე დარჩნენ.ფინალში ძმები ბარბაქაძეები გავიდნენ, რომლებმაც ქულებიც ძმურად გაიყვეს და 39-39 დააგროვეს. ფინალისტების მიერ ჩატენილი ბურთებიდან ორივე კარგი სანახავი იყო. უფროსი ძმა დათო, ჯერ ფარის ქვეშ სკამზე მჯდომ კალათბურთელს თავზე გადაევლო, შემდეგ მისგან კალათისკენ ნასროლი ბურთი ჰაერში დაიჭირა და კალათში ამის შემდეგ ჩატენა. რაც შეეხება უმცროს ძმა გიგის, ფართან მიახლოებულმა ჰაერში თითქოს რამდენიმე ნაბიჯი გააკეთა, შემდეგ ფარიდან ასხლეტილ ბურთს დაეუფლა, წამიერად შეყოვნდა და უსწრაფესად ჩატენა კალათში. ფინალში უფრო თვალსასეირო ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ჟიურიმ მოედანზე ჯერ დათოს უხმო. უფროსმა ბარბაქაძემ საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის ჩატენვა შეასრულა და მთლიანობაში 32 ქულა დაიმსახურა. შემდეგ გიგის ჯერი დადგა. უმცროს ბარბაქაძეს ფორტუნამ ზურგი აქცია, სამივე ცდა გააცუდა და პირველი ადგილი დათოს დარჩა.შეგახსენებთ, რომ ჩატენვების კონკურსი ორი წლის წინაც დათო ბარბაქაძემ მოიგო. იგი შარშანაც ახლოს იყო წარმატებასთან, მაგრამ ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესტონეთის ტარტუს “როკის” ფორვარდ ვიქტორ სანიკიძესთან წააგო.

სამქულიანების კონკურსი

სამქულიანების კონკურსში ხუთი კალათბურთელი მონაწილეობდა – კოტე ტუღუში (ენერჯი ინვესტი”), გიორგი მარკოიშვილი (თსუ), გოგი ნანიტაშვილი (“დინამო”) და ირაკლი და დათო ბერიშვილები (ორივე “თბილავიამშენი”). მონაწილეებს პერიმეტრის 5 წერტილიდან 5-5 ბურთის სროლის უფლება ჰქონდათ. პირველიდან მეოთხეს ჩათვლით ნასროლი ბურთები ჩავარდნის შემთხვევაში ერთ ქულად ფასობდნენ, ხოლო მეხუთე – ორად, ფინალში გასასვლელი სროლები ყველაზე კარგად მარკოიშვილმა შეასრულა, რომელმაც 17 ქულა დააგროვა. კონკურსის შარშანდელმა გამარჯვებულმა დავით ბერიშვილმა, ნანიტაშვილმა და ტუღუშმა 15-15 ქულა დააგროვეს და ისინიც ფინალში გავიდნენ. 12 ქულით ბოლო ადგილი ირაკლი ბერიშვილმა დაიკავა და ასპარეზობას გამოეთიშა. კონკურსის გამარჯვებული ფინალმა ვერ გამოავლინა და დამატებითი სროლების ჩატარება გახდა საჭირო, რადგან ბერიშვილმა და მარკოიშვილმა 20-20 ქულა დააგროვეს. დამატებითი სროლები ბერიშვილმა ცუდად შეასრულა. იგი მხოლოდ 11 ქულით დაკმაყოფილდა. რაც შეეხება კონკურსის გამარჯვებულ გიორგი მარკოიშვილს, მან 18 ქულა დააგროვა და “ოლ სტარის” სამქულიანის კონკურსი პირველად მოიგო.