ქუთაისმა ტიტებსაც მოუგო და ახალ წელს სუპერლიგის ერთპიროვნულ ლიდერად ხვდება

ქუთაისმა ტიტებსაც მოუგო და ახალ წელს სუპერლიგის ერთპიროვნულ ლიდერად ხვდება

სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი “ქუთაისია”. ახალ, 2021 წელს იმერული კლუბი პირველ ადგილზე ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა სხვებისგან განსხვავებით პირველი წრის 10 მატჩიდან 9 ითამაშა, ახალ წელს მაინც პირველ ადგილზე ხვდება. ქუთაისი ერთადერთი გუნდია, რომელსაც სუპერლიგის მიმდინარე სეზონში წაგების გემო არ განუცდია.

იმერულმა კლუბმა დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “ტიტები” 89:76 (სტატისტიკა) დაამარცხა.  ტუღუშის გუნდს დღეს საკმაოდ უხერხული მეტოქე ჰყავდა. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი გუნდი ნებისმიერ მატჩში ბოლომდე იბრძვის. ტიტებს 2 დღის წინ რუსთავში გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა და დღესაც, სუპერლიგის ლიდერს ტოლი არ დაუდო. მესამე პერიოდში ტიტები მცირედით, მაგრამ წინ იყო, მაგრამ ქუთაისელებმა ბოლო მეოთხედში დაამტკიცეს, თუ რატომ არიან ლიდერები.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელი, ლიუკ მოიერი აკლდა, ქუთაისმა ბოლო პერიოდში მანამდე ტოლ-სწორად მებრძოლ ტიტებს შანსი არ დაუტოვა. სამქულიანები, სწრაფი შეტევები, საშუალო სროლები – ქუთაისელებს ყველაფერი წაუვიდათ და დასკვნითი ათწუთეული 29:17 მოიგეს. შესაბამისად, გამარჯვებაც სტუმრებს დარჩათ, რომელთაგანაც 6-მა კალათბურთელმა უწია ათქულიან ბარიერს. საუკეთესო შედეგი კაჰიმ რენსომმა (18 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი) და დეჯან რაითმა (12 ქულა, 9 პასი, 5 მოხსნა) დააფიქსირეს. 16 ქულა ჰქონდა ჟოელ ალმეიდას. ტიტებში 31 ქულით, 7 მოხსნითა და 4 პასით გამოკვეთილად საუკეთესო იყო ტაილან ბირტსი. 18 ქულა და 4-4 მოხსნა-პასი ჯორდონ თალის ანგარიშზეა.

ხვალ სუპერლიგის 2020 წლის ბოლო მატჩი გაიმართება: ოლიმპიურ სასახლეში 12:00 საათზე ვერა მგზავრებს დაუპირისპირდება.