ქუთაისმა ვსა დამაჯერებლად დაამარცხა და სუპერლიგაში პირველ ადგილზე გადავიდა

ქუთაისმა ვსა დამაჯერებლად დაამარცხა და სუპერლიგაში პირველ ადგილზე გადავიდა

სუპერლიგის მე-18 ტური დღეს დაიწყო და იგი 3 დღეზეა გადანაწილებული. დღეს მხოლოდ 1 მატჩი იყო დაგეგმილი, რომელიც ქუთაისში გაიმართა. სუპერლიგის 2 ლიდერი ერთმანეთს ქუთაისის სპორტის სასახლეში შეხვდა და მატჩი მოულოდნელი შედეგით, უფრო ზუსტად კი, ანგარიშით დასრულდა. ქუთაისი 2010 არის გუნდი, რომელსაც მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე ნაკლები – 4 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით მეორე ადგილზე ვსა გახდათ 5 მარცხით. სუპერლიგის ამ 2 ლიდერის დაპირისპირება, ცხადია, საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა – ქუთაისელებმა 33 ქულის სხვაობით – 109:76 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს.

ქუთაისელთა გამარჯვებაში მოულოდნელი არაფერია, რადგან საკუთარ მოედანზე მოქმედი ჩემპიონი, ცხადია, ფავორიტად ითვლებოდა. აი, 33-ქულიან სხვაობას ცოტა თუ ელოდა. ვსა-მ გასულ მატჩებში დაამტკიცა, რომ საკმაოდ ძლიერი, ბრძოლისუნარიანი გუნდია, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. დღევანდელ მატჩში კი ვსა-მ საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოაჩინა. შეიძლება ითქვას, მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და უშანსოდ დამარცხდა. ვსა ერთადერთხელ, ისიც 1 ქულით იყო წინ, დროის აბსოლუტურ უმეტესობას კი მასპინძლები ლიდერობდნენ, რომლებიც დროის გასვლასთან ერთად უპირატესობას პერმანენტულად ზრდიდნენ.

პირველი პერიოდი ქუთაისელებმა 25:18 მოიგეს, ხოლო მეორეში 22:17 იმარჯვეს. დიდი შესვენებისთვის არსებული 12-ქულიანი ჩამორჩენა თამაშის გამოსწორების შემთხვევაში მოგების იმედს იძლეოდა, თუმცა ეს არ მომხდარა. პირიქით, თამაში ქუთაისელებმა უფრო დახვეწეს. მეტად მობილიზებულები იყვნენ დაცვაში და ზუსტები – შეტევაში. მეორე და მესამე პერიოდები კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისმა შესაბამისად 6 და 15 ქულებით მოიგო და საბოლოოდ დიდი სხვაობით გაიმარჯვა.

ქუთაისელთაგან ყველაზე შედეგიანი ელაია ჯოინერი გახლდათ – 20 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი. წინა ტურის MVP აკაკი დვალიშვილი 18 ქულით, 7 მოხსნით და 3 ჩაჭრით გამოირჩა. 14 ქულა გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე დაგროვდა. ვსა-ს რიგებში 16-16 ქულით დავით კაკუშაძე და ჯერმეინ ჰედი გამოირჩნენ. 15 ქულა ანზორ ნადირაძის ანგარიშზეა.

 ამ გამარჯვების შემდეგ ქუთაისი თამაშებით გაუთანაბრდა სხვა გუნდებს და ცხრილში კუთვნილი პირველი ადგილი დაიკავა. ვსა-მ მე-6 მატჩი წააგო და ამდენივე მარცხის მქონე გორის ივერიონს ბურთების ურთიერთშეხვედრების გამო ჩამორჩა. ტურის მომდევნო 2 მატჩი 22 მარტს, ზესტაფონსა და ტყიბულში გაიმართება. მარგვეთი რაშს მიიღებს, ხოლო ორბი ტყიბულში კსუ-ს მიიღებს. სატურნირო თვალსაზრისით ორივე მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.