სუპერლიგის პირველი ტური ზესტაფონში დასრულდა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისმა იმერულ დერბიში ტყიბულის ორბს უმასპინძლა. შეხვედრას უმეტესწილად ქუთაისელები იგებდნენ, თუმცა ორბს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა. ბოლო პერიოდის შუაწელში, ბრაიან ბეიონის სამქულიანის შემდეგ ტყიბულელები 5 ქულით – 81:76 დაწინაურდნენ, თუმცა დარჩენილ დროში ლიდერობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისმა, რომელიც გამოცდილი ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული, ბოლო წუთებზე პრაგმატულად და შედეგიანად ითამაშა. 5-ქულიანი ჩამორჩენა ქუთაისელებმა 7-ქულიან ლიდერობად აქციეს, რაც ძირითადად გიორგი სულაბერიძისა და ლუკა ალავიძის დამსახურება იყო. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა ორბმა შეხვედრა ბოლო წუთებზე, ბრძოლაში 86:93 (სტატისტიკა) დათმო.
ქუთაისმა ზესტაფონში საკუთარი დარბაზის რეკონსტრუქციის გამო ითამაშა. მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის დარბაზს მომავალ თვეებში რემონტი ჩაუტარდება და პირობები ევროპულ სტანდარტებს მიახლოვდება, რის შემდეგაც ქუთაისის სპორტის სასახლე სუპერლიგასთან ერთად საერთაშორისო მატჩების მისაღებადაც იქნება მზად. მანამდე გუნდი სუპერლიგის მატჩებს ზესტაფონში გამართავს.
ქუთაისს ორბთან მატჩში დეტრეკ ბრაუნინგმა ულიდერა, რომელმაც 35 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 22 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე დაგროვდა. 13 ქულა ჰქონდა ლუკა ალავიძეს. ორბის შემადგენლობაში 28 ქულით საუკეთესო იყო თომას მური. 19 ქულა ბრაიან ბეიონის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მე-2 ტური 17 და 18 ოქტომბერს – ტყიბულში, რუსთავში, თბილისსა და ზესტაფონში გაიმართება.