რაშმა სუპერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

რაშმა სუპერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

სუპერლიგაში ისეთი გუნდი აღარაა, მოგება რომ არ მოეპოვებინოს. დღეს, მე-5 ტურის მატჩში სანდრო ნოზაძის გაწვრთნილმა “რაშმა” 70:59 (სტატისტიკა) დაამარცხა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი და მიმდინარე სუპერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა. ასე და ამგვარად, ცხრილში ყველა გრაფაშევხებულია ერთის გარდა – თსუ-ს წაგების გასწვრივ 0 უწერია. ანუ ყველ აგუნდს მოგებაც აქვს და წაგებას თსუ-ს გარდა, რომელიც სუპერლიგაში 5-დან 5 მოგებით ლიდერობს.

“რაშის” მოგება გუნდური თამაშისა და ბოლომდე ბრძოლის დამსახურებაა. გუნდში როტაციის პროცესი მიმდინარეობს. უხეირო სტარტის შემდეგ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, რომელთაგან უკვე გაამართლა ჯონ კერის ტრანსფერმა. კერიმ რაშის შემადგენლობაში მეორე მატჩი კავკასიასთან ჩაატარა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა. 

პირველი პერიოდის შემდეგ რაშმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვა, როცა 18:9 დაწინაურდა. მეორე ათწუთეულში კავკასიელებმა გამოასწორეს მდგომარეობა და დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მესამე პერიოდში თამაშის სცენარი კვლავ რაშის სასარგებლოდ შეიცვალა. სანდრო ნოზაძის გაწვრთნილმა გუნდმა პერიოდი 17:11 მოიგო და 11 ქულით დაწინაურდა.  

მატჩის ბედი ბოლო პერიოდში, უკანასკნელ წუთებზე გადაწყდა. კავკასიამ მოახერხა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, როცა რობ პერის სამქულიანის შემდეგ ანგარიში 59:60 გახადა, თუმცა დარჩენილ 3 წუთში ლაშა მიქელაძემ და გარეტ ჰიქსმა ჯამში 3 სამქულიანი ჩააგდეს და რაშს გამარჯვება გაუნაღდეს. 

მატჩის საუკეთესო შედეგი რაშის ლეგიონერმა, ჯონ კერმა დააფიქსირა, რომელმაც 19 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. 18 ქულა და 6 მოხსნა ლაშა მიქელაძემ მიითვალა. 12 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი გარეტ ჰიქსის ანგარიშზეა. კავკასიაში 15-15 ქულა გივი ბაქრაძემ და შამარ რაითმა მოაგროვეს.