რატი ანდრონიკაშვილი: მოედანს მეტი მოტივაციითა და შემართებით დავუბრუნდები

რატი ანდრონიკაშვილი: მოედანს მეტი მოტივაციითა და შემართებით დავუბრუნდები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა წევრმა, რატი ანდრონიკაშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო. იგი ამ ზაფხულს გადავიდა ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ წამყვან კონფერენცია Big East-ში მოასპარეზე “კრეიტონში”, თუმცა ამ გუნდში დებიუტი ხანგრძლივი ხნით გადაედო. კრეიტონი სეზონს 25 ნოემბერს, სამხრეთ დაკოტასთან მატჩით გახსნის, თუმცა ქართველი ახალწვეულის გარეშე. ერთ-ერთ ვარჯიშზე რატიმ მუხლის დამჭერი – ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედანს სავარაუდოდ 7 თვით ჩამოსცილდა.

“მყესები სრულიად უწყინარ სიტუაციაში გავიწყვიტე. ვარჯიშზე, ორმხრივი თამაშისას ბურთი ჩავჭერი და მოედანზე რომ დავხტი, მუხლი გამექცა. ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჯვარედინი მყესები გამიწყდა” – გვითხრა ანდრონიკაშვილმა, ოკეანგაღმა რომ შევეხმიანეთ.

ამერიკულ მედიაში კომენტარი გააკეთა კრეიტონელთა მთავარმა მწვრთნელმა, კრეიგ მაკდერმოტმა: “ყველანი განადგურებულები ვართ იმის გამო, რაც რატის შეემთხვა. ის ახლა ერგებოდა ჩვენს სისტემას და იწყებდა საკუთარი ტალანტის გამოვლენას, რომელიც უხვად აქვს. ვიცი, რომ ის ჩვენ პროგრამაში ბოლომდე ჩართული იქნება. ჩვენ მას მოედანზე ჯანმრთელად დაბრუნებას ვუსურვებთ”.

“რეაბილიტაციას დაახლოებით 7 თვე დასჭირდება მთელ ამ დროს ამერიკაში გავატარებ. ოპერაცია უნდა გავიკეთო, რის შემდეგაც, სავარაუდოდ 2 თვეში ვარჯიშს დავიწყებ, თუმცა ჯერ უბურთოდ. თავიდან იქნება მსუბუქი ვარჯიშები, მხოლოდ სროლა და ტრენაჟორები. ფეხებზე დატვირთვა რომ გავაძლიერო, კიდევ რამდენიმე თვე დამჭირდება. მალე ამერიკაში დედაჩემი ჩამოვა და ოპერაციის დროს და შემდგომ პერიოდშიც ჩემს გვერდით იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ რთულ პერიოდს პრობლემების გარეშე გადავიტან და მოედანს მეტი მოტივაციითა და შემართებით დავუბრუნდები” – ოპტიმისტურად დაასრულა ჩვენთან საუბარი რატი ანდრონიკაშვილმა.