რატი ანდრონიკაშვილი მურსიაში თად მაკფადენის მხარდამხარ ითამაშებს

რატი ანდრონიკაშვილი მურსიაში თად მაკფადენის მხარდამხარ ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლესლიგელ მურსიაში გააგრძელებს. 21 წლის ქართველმა ესპანეთის უნივერსიტეტის გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც კლუბმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა.

“ანდრონიკაშვილს პირველ და მეორე ნომრებზე თამაში ერთნაირი წარმატებით შეუძლია და სარგებელი მოაქვს, როგორც დაცვაში, ასევე – შეტევაში. ბოლო პერიოდია, საქართველოს ნაკრებში მუდმივად იძახებენ. ივლისში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ესპანეთთან მატჩში 17 ქულა ჩააგდო და შემდეგ ევრობასკეტზეც ითამაშა” – ვკითხულობთ მურსიაი საიტზე. 

მურსიაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი თამაშობს – ნატურალიზებული ამერიკელი, თად მაკფადენი, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. აღსანიშნავია, რომ მურსიამ გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი ითამაშა ობრადორიოსთან და 80:85 წააგო, მაკფადენის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა. 

შეგახსენებთ, რომ ანდრონიკაშვილი გასულ სეზონში NCAA-ს ბინადარ კრეიტონის ღირსებას იცავდა, აშშ-დან კი სწორედ ევროპული პერსპექტივის იმედით წამოვიდა. რატისთვის ესპანური გარემო უცხო არ იქნება, რადგანაც ბასკონიას აკადემიაში ვარჯიშობდა და სან პაბლო ბურგოსის ახალგაზრდულ გუნდშიც უთამაშია.

მურსია მომდევნო მატჩს 3 დეკემბერს  ვიტორიაში, ბასკონიასთან ითამაშებს და ანდრონიკაშვილის დებიუტიც შესაძლოა ამ დღეს ვიხილოთ.