რეგიონალური ფედერაციების განვითარების პროგრამის ფარგლებში პაატა გურასპაული იმერეთს ესტუმრა

რეგიონალური ფედერაციების განვითარების პროგრამის ფარგლებში პაატა გურასპაული იმერეთს ესტუმრა

ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია აგრძელებს გასულ გაზაფხულს დაწყებულ რეგიონალური ფედერაციების განვითარებისა და მხარდაჭერის პროგრამას. აღნიშნული პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო პროგრამის დაწყებამ ერთი წლით გადაიწია. 

პროგრამის ფარგლებში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა უკვე იმყოფებოდა შიდა ქართლს, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემოსვანეთის რეგიონებში, სადაც ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დახმარებით საკალათბურთო ინვენტარი ჩაიტანა და ადგილობრივი მწვრთნელებისთვის ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების ხელმძღვანელობით მასტერკლასები ჩაატარა. მორიგი გასვლა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტსა და პროგრამის მონაწილეებს იმერეთის რეგიონში ჰქონდათ. ქალაქ ქუთაისში იგი შეხვდა იმერეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბუბა კვიმსაძეს, რეგიონის მწვრთნელებსა და ახალგაზრდა მოთამაშეებს.

ადგილობრივ ფედერაციას იმერეთის საკალათბურთო სკოლებისთვის გადაეცა სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები. მწვრთნელებს დაურიგდათ პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები, ბარიერები და სხვა საკალათბურთო ატრიბუტიკა. ფედერაციას გადაეცა სავარჯიშო ფორმები, რომლებიც პროპორციულად გადანაწილდება რეგიონში მოქმედი საკალათბურთო სკოლებზე.

საჩუქრები და სპორტული ატრიბუტიკა ადგილობრივი საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ასაკობრივი ნაკრებების მენეჯერებმა შალვა ონიანმა და ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალეკო პეტრიაშვილმა გადასცეს.