რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამის მონაწილეები გორს და ახალციხეს ესტუმრნენ

რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამის მონაწილეები გორს და ახალციხეს ესტუმრნენ

რეგიონებში კალათბურთის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მორიგი გასვლითი ვიზიტები განახორციელა. შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთში სტუმრობა იმ პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომელსაც ფედერაციის რეგიონალური განვითარების დეპარტამენტი ბოლო წლებია, ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონალური კალათბურთის ფედერაციების საკალათბურთო ინვენტარით მომარაგებას, საიდანაც ატრიბუტიკა საჭიროებისამებრ თითოეული რეგიონის საკალათბურთო სკოლაზე გადანაწილდება.

ბოლო 4 თვეში პროგრამის ფარგლებში აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელობა კახეთში, ქვემო ქართლში, აჭარაში, შიდა ქართლში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და სვანეთში იმყოფებოდნენ. გასულ კვირაში მორიგი გასვლა განხორციელდა შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. გორის უნივერსიტეტის დარბაზში შიდა ქართლის რეგიონის საკალათბურთო სკოლების მწვრთნელები შეიკრიბნენ. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შალვა ონიანმა და დეპარტამენტის წევრებმა ადგილობრივ საკალათბურთო ფედერაციას ინვენტარი – სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, სათამაშო ფორმები გადასცა. მწვრთნელებს დაურიგდათ პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა სპორტული ატრიბუტიკა. აღნიშნული ატრიბუტიკა ადგილზე განაწილდა გორის, ხაშურის და კასპის საკალათბურთო სკოლებზე.

გორიდან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთისკენ დაიძრნენ, სადაც ახალციხის სპორტსკოლას ესტუმრნენ. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის წევრებს ადგილზე დახვდათ ახალციხის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ახალციხის საკალათბურთო დარბაზი ჯერაც სარემონტო მდგომარეობაშია და როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, მისი რეაბილიტაცია მალე დასრულდება, რაც საკალათბურთო თვალსაზრისით ისედაც აქტიურ ახალციხეს კიდევ უფრო გამოაცოცხლებს.

ადგილობრივი მწვრთნელის, გიორგი ბეროშვილის ხელმძღვანელობით ახალციხის საკალათბურთო სკოლაში რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს, რომელთა ნაწილიც საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობს. ახალციხეში ჩამოსულნი იყვნენ მწვრთნელები ბორჯომიდან, რომლებმაც ასევე მიიღეს საკალათბურთო ინვენტარი მათ ქალაქში არსებული ვაჟთა და გოგონათა გუნდებისთვის. 

რეგიონალური კალათბურთის ფედერაციების განვითარების პროგრამა აქტიურად გრძელდება და მორიგი ვიზიტები დაგეგმილია ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, სადაც წინა ჯერზე პროგრამის მონაწილეები 4 თვის წინ იმყოფებოდნენ.

 

გორი

ახალციხე