რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამაში, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტი ახორციელებს, გოგონებიც ჩაერთნენ. დასავლეთ საქართველოს გოგონათა საკალათბურთო სკოლების უმეტესობამ გასულ ორშაბათს სხვადასხვა სახის ინვენტარი მიიღო, რომელიც ნაწილობრივ ფიბა-ს გოგოგნათა კალათბურთის განვითარების პროგრამით – Her World, Her Rules (გოგონათა სამყარო, გოგონათა წესები) იყო დაფინანსებული.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული დეპარტამენტი მესამე წელია, ახორციელებს პროგრამას, რომლის მიზანიც ჩვენი ქვეყნის რეგიონების საჭირო საკალათბურთო ინვენტარით მომარაგება და შესაბამისად, სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობაა.
აღნიშნული პროგრამა გრძელდება, თუმცა მან გაფართოება განიცადა და ინვენტარი გოგონათა საკალათბურთო სკოლებსაც გადაეცათ. ამას უკვე ფიბა-ს სხვა პროგრამა აფინანსებს და შესაბამისად, ჩვენი ფედერაციის შესაბამისმა დეპარტამენტმა მისი ტრანშიც აითვისა, რომელსაც თავის მხრივ გარკვეული ფინანსები დაამატა და 4 ქალაქის – ჭიათურის, ხონის, ვანისა და სამტრედიის გოგონათა გუნდებისთვის საჭირო ინვენტარი – ფორმები, ბურთები, ფარები, სროლის ტრენაჟორები, მწვრთნელთა დაფები, დრიბლინგის დასახვეწი სათვალეები შეიძინა.
აღნიშნულმა გუნდებმა ინვენტარი ჭიათურაში, “მაღაროელის” ისტორიულ დარბაზში მიიღეს, რომელსაც ქალთა კალათბურთის კუთხით დიდი ისტორია გააჩნია. ჭიათურაში გასული საუკუნის შუა პერიოდში ქალთა კალათბურთი ყვაოდა და ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ მაღაროელთა ქალაქი მისი აღორძინების გზაზეა დამდგარი. ჭიათურაში ხშირად იმართება გოგონათა საკალათბურთო თამაშები, რომელსაც მეზობელი რაიონების გუნდები სტუმრობენ.
აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტთან ერთად აქტიურად არის ჩართული ქალთა კალათბურთის დეპარტამენტიც. ჭიათურაში პროგრამის ხელმძღვანელ შალვა ონიანთან ერთად ფედერაციის ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – კახა შენგელია და მისი თანაშემწე, ლელა ცანავაც იმყოფებოდა. ინვენტარის გადაცემას დაესწრო, გოგონებს წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ.
რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამასთან ერთად, მოთხოვნილების შესაბამისი ტემპით გოგონათა პროგრამაც – Her World, Her Rules-იც გაგრძელდება.