სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა, 21-ე ტური დღეს გორში დრამატული მატჩით გაიხსნა. ივერიონმა თბილისის გაუ-ს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 78:76 (სტატისტიკა) დაამარცხა. მატჩს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლებს გამარჯვება პლეი ოფში გასასვლელად, ანუ 8 გუნდს შორის მოსახვედრად სჭირდებოდათ, ხოლო გაუ-ს ოთხეულში ადგილის დაბევება უნდოდა. მიზეზი მარტივია: თუკი პლეი ოფის პირველ წრეში რეგიონის გუნდი შეხვდებოდა, მოედნის უპირატესობა ექნებოდა.
ამიტომაც იყო, ორივე გუნდმა ძალიან მონდომებით, ბოლომდე რომ იბრძოლა. გაუ-მ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ლიდერობას ბოლო პერიოდის შუამდე ფლობდა. ერთი ეპიზოდში დავით როგავას გაწვრთნილი თბილისელების ლიდერობამ 12 ქულასაც მიაღწია, თუმცა გორელები არ თმობდნენ – მეტოქეს კუდში მისდევდნენ და როცა შანსი მიეცათ, გამოიყენეს კიდეც.
გარდამტეხი აღმოჩნდა ბოლო პერიოდში ის ეპიზოდი, როცა მასპინძლებმა რამდენიმე კონტრშეტევა წარმატებით დააგვირგვინეს, დაცვაში კი მეტოქეს მაგრად დაუდგნენ და ლიდერობა მოიპოვეს. გარდამტეხ ეპიზოდში თავი რიკარდო ლინჩმა და კვენტინ ჰარდრიქტმა გამოიჩინეს, რომლებმაც საკვანძო ბურთები ჩააგდეს.
გაუ-ს ჰქოდა შანსი, მაგრამ ჯერ იყო და თევის სმიტმა საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე ორივე საჯარიმო ააცილა და ანგარიში ვერ გაათანაბრა, შემდეგ კი პრესინგით მოპოვებული ბურთი იმავ სმიტმა ზედ ფარის წინიდან ააცილა და თამაშიც დასრულდა. გორის გუნდს რიკარდო ლინჩმა 30 ქულით, 9 მოხსნითა და 5 პასით ულიდერა, ჰარდრიქტის ანგარიშზე კი 20 ქულა დაგროვდა. გეგი ბაქრაძე 8 ქულითა და 15 მოხსნით გამოირჩა. გაუ-ში 29 ქულითა და 8 მოხსნით ენდრიუ ლუისი იყო საუკეთესო, 16 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი თევის სმიტმა დააგროვა.
სუპერლიგის 21-ე ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა ხვალ და ზეგ – გურჯაანში, ბათუმში, თბილისსა და ტყიბულში ჩატარდება. ეს გახლავთ მეორე შემთხვევა, როცა სუპერლიგის ტურის ხუთივე მატჩი სხვადასხვა ქალაქებში იმართება.