“როკი” ქართველებმა ფინალში გაიყვანეს

გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის „ტარტუ როკი“ ესტონეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ტარტუელებმა მეტოქე „ვალგას“ ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩიც მოუგეს – ამჯერად 74:65 და ფინალში მშრალი ანგარიშით (3:0) გავიდნენ.
ეს ბოლო მატჩი ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა სერიაში. ტარტუელები მეტოქისგან ყველაზე მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ, რაც იმაში გამოიხატა, რომ „როკი“ გადამწყვეტი მეოთხედის წინ მხოლოდ ქულას იგებდა. თუმცა ბოლო ათწუთეულში მასპინძლებმა 17:9 იმარჯვეს და საბოლოოდ ფინალში გასასვლელი მოგებაც მიითვალეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვიქტორ სანიკიძე გახდა, რომელსაც მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია, თუმცა 21 წუთში 17 ქულის, 3 მოხსნის, 2 პასისა და 1 ჩაჭრის მოგროვება შეძლო და “ვალგას“ გატეხვაში ლომის წილი დაიდო.ვიქტორმა 7-დან 5 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ცინცაძემ “როკის” სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 36 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.გიორგიმ 3-დან ორქყლიანი, ასევე 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.
ფინალურ სერიაში, ქართველთა “როკი” სავარაუდოდ “კალევს” შეხვდება, რომელიც ტტუ-ს ნახევარფინალურ სერიას 2:0-ს უგებს და ფინალამდე ერთი გამარჯვება აშორებს.