“როკმა” ქართველების დახმარებით ესტონეთში ლიდერობა გაიმყარა

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესტონურ „როკში“ ქართველებმა დაისაკუთრეს ლიდერობა. თუკი აქამდე მხოლოდ გიორგი ცინცაძეს ჰქონდა ეს სტატუსი, ახლა მას ვიტორ სანიკიძეც შეუერთდა.
სანიკიძეს არაერთხელ უთამაშია მაღალ დონეზე, თუმცა სტაბილურობა აკლდა და ახლა უკვე ამის პრობლემაც აღარ აქვს. უკვე მერამდენე მატჩია, ვიქტორი ჩინებულად თამაშობს და ცინცაძესთან ერთად ტარტუს გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში ეხმარება.
ესტონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ტარტუელები  “რაკვერეს“ ხვდებოდნენ და 88:74 იმარჯვეს, საუკეთესონი კი, ტრადიციულად, გიორგი ცინცაძე და ვიქტორ სანიკიძე იყვნენ.
ქართველმა კალათბურთელებმა “როკის” სატარტო შემადგენლობაში ითამაშეს. ცინცაძემ 23 წუთში 17 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
გიორგიმ 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 1 ორქულიანიც ზუსტად სტყორცნა.
22 წუთში 14 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა სანიკიძემ.
ვიქტორმა 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.
“როკმა” “რაკვერესთან” მატჩის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყვიტა, როდესაც 26:13 იმარჯვა და სტუმრები ახლოს აღარც გაუკარებია.
„როკს“ 16 მატჩი აქვს ჩატარებული, წაგება არ იცის და ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო შეხვედრას ტარტუელები 7 მარტს, უმთავრეს კონკურენტ  ტალინის “კალევთან” გამართავენ.
 

ბურთითაა ვიქტორ სანიკიძე