იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ Junior NBA-ს კემპში საქართველოდან 2 მოზარდი მონაწილეობდა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და Junior NBA-ს თანამშრომლობის ფარგლებში რომში, კემპში სამონაწილეოს ლიზი ტიალაძე და საბა ტატანაშვილი გაემგზავრნენ. აღნიშნულ ღონისძიებაზე Jr. NBA-ს ლიგაში მონაწილე ახალგაზრდა მწვრთნელებიც იყვნენ მიწვეულნი და საქართველოდან ამ სტატუსით კლუბ “ვინგსის” მწვრთნელი ნიკა ბურჯანაძე გაემგზავრა.
კემპში კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი მონაწილეობდა – სალომე სვანი, რომელიც 3 თვეა, სწორედ იმ იტალიურ კლუბში (Stella Azzura) ვარჯიშობს, რომლის საწვრთნელი ბაზაც JR.NBA-ს კემპს მასპინძლობდა. სალომე სვანი კემპში იტალიის სახელით იღებდა მონაწილეობას. რომში გამართული კემპი რეგიონური იყო და მასში ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 25 ქვეყნის 13-14 წლის 60 ბიჭი და გოგონა იღებდა მონაწილეობას.
კემპის ფარგლებში ვარჯიშები და სემინარები ჩაატარეს ნბა-სა და WNBA-ს ყოფილმა ვარსკვლავებმა და მწვრთნელებმა: ზაზა ფაჩულიამ, ვლადიმერ რადმანოვიჩმა, რონი ტურიაფმა, ანასტასია კოსტაკიმ. კემპის მონაწილე ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის სემინარები ჩაატარა “მინესოტა ტიმბერვულვსის” ყოფილმა მწვრთნელმა რაიან სანდერსმა.
რომში გამართული კემპი შესარჩევი იყო და თუკი მიმდინარე წლის ზაფხულში ამერიკაში JR. NBA-ს გლობალური მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება, მასში მონაწილეობის შანსი რომის კემპზე ნამყოფ ქართველ მოთამაშეებსაც და მწვრთნელსაც ექნებათ. ამ ეტაპზე JR. NBA-ს გლობალური ტურნირის ჩატარება კორონავირუსული პანდემიის გამო გადაწყვეტილი არ არის.
თუ როგორ ჩატარდა იტალიის შესარჩევი JR.NBA-ს კემპი და რა ემოციები გამოჰყვათ მის მონაწილეებს, ამას ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეორგოლიდან შეიტყობთ: