როსენ ბარჩევსკი: ევროპის ჩემპიონატამდე მეტოქეებს კარგად დავზვერავთ

როსენ ბარჩევსკი: ევროპის ჩემპიონატამდე მეტოქეებს კარგად დავზვერავთ

დღეს, 10 ივლისს, ბულგარეთის ეროვნული ნაკრები შეკრებას იწყებს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ–ერთი მეტოქე ბულგარულ კურორტ ბოროვეცში შეიკრიბება და 25 ივლისამდე, ვიდრე ხორვატიაში ამხანაგური მაჩების გასამართად გაემგზავრებოდეს, იქ დარჩება. შეკრების დაწყების წინ ბულგარელი ჟურნალისტები მთავარ მწვრთნელ როსენ ბარჩევსკის გაესაუბრნენ.
 

 
– რა განწყობით ხვდებით შეკრებას?
– ჩვენი ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩვეულებრივი მოვლენაა და არავითარ დაძაბულობას არ ვგრძნობთ. მე საკმაოდ მშვიდად ვხვდები მოსამზადებელი პროცესის დაწყებას და საფიქრალი მხოლოდ ის მაქვს, ბოროვეცში ყველა მოთამაშე ვიხილო და ყველა მწყობრში იყოს.
– სეზონის დასრულებასა და ნაკრების შეკრების დაწყებამდე პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი გამოვიდა. რაც ფიქრობთ, ეს მომზადებაზე უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს?
– ნაკრების წევრები პროფესიონალები კი არიან, მაგრამ ისინი ამ პერიოდის განმავლობაში ინდივიდუალურად 100–პროცენტით მოტივირებულნი ვერ ივარჯიშებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უქმად ყოფნის პერიოდი მოთამაშეებს მართლაც საკმაოდ ხანგრძლივი გამოუვიდათ, მე მჯერა ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელის, ბრანკო კარალიჩის, რომელიც ამ საქმეში საკმაოდ გამოცდილია. მან იცის აღნიშნული პრობლემის შესახებ და სამედიცინო შემოწმების შემდეგ დაგეგმავს, თუ როგორი ინტესივობით და რა კომპონენტებზე ავარჯიშოს ნაკრების წევრები. იმედი მაქვს, ისინი შეკრებაზე კარგ სპორტულ ფორმაში გამოცხადდებიან. ამ მხივ სანერვიულო არ მაქვს.
– თქვენი აზრით, შემადგენლობა რამდენად ოპტიმალურია? ორ ნატურალიზებულ უკანახაზელს შორის რატომ აარჩიეთ ერლ როულანდი?
– შემადგენლობა საკმაოდ გაფართოვებულია. მის შერჩევაზე ბევრი ვიფიქრე. რა თქმა უნდა, არიან სხვა მოთამაშეებიც, რომლებიც ნაკრებში გამოძახებას იმსახურებენ, მაგრამ ყველას ხომ ვერ გამოიძახებ. რაც შეეხება როულანდს, არსებობს არაერთი მიზეზი, რის გამოც იგი იბრაჰიმ ჯააბერს ვამჯობინე. მან დატოვა კარგი შთაბეჭდილება, როცა ბოლოს ითამაშა (ევროპის 2009 წლის ჩემპიონატზე) ბულგარეთის ნაკრებში. ამასთან ერთად, მას შემდეგ როულანდმა მოუმატა, უმაღლესი დონის გუნდთან გააფორმა კონტრაქტი. იგი საკმაოდ პოზიტიური პიროვნებაა.
– რას ფიქრობთ, იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც 1988 წლის შემდეგ არიან დაბადებულნი, შესაძლებელია, რომ ბოლომდე დაეყრდნოთ?
– ახალგაზრდა მოთამაშეებმა გასულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრებს დიდი დახმარება გაუწიეს. მაგალითისთვის ჩავდარ კოსტოვს და ალექსანდრ იანევს მოვიყვან. მათ რიცხვს, ვფიქრობ, წლეულს ივან ლილოვიც დაემატება. მე მათი მეიმედება.
– რას იტყოდით ევრობასკეტზე ჩვენი კონკურენტების შეკრებების შესახებ?
–კარგი იქნება, თუკი კონკურენტებს დავაკვირდებით და ეს ასეც იქნება. ამ ეტაპზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით. თითქმის ყველა შეიკრიბა, თუმცა ჯერ–ჯერობით ლიდერების გარეშე. ცოტა ხანიც გავიდეს, სრულად შეიკრიბონ, სპარინგ–მატჩები გამართონ და მერე უფრო მეტი გვეცოდინება მათ შესახებ. ამ ეტაპზე ნაადრევია ამ თემაზე საუბარი.
– დაგეგმილ საკონტროლო მატჩებზე რას იტყვით?
– მე ვიყტოდი, რომ საკმარისზე მეტი სპარინგ–მატჩი დავგეგმეთ. ვთამაშობთ 14 მატჩს, ხოლო ზოგიერთი მეტოქე ევროპის საუკეთესო ნაკრებთა სიაში შედის. თანაც ყველა შეხვედრას სტუმრად ვატარებთ. საერთოდ, კომბინაციების სრულყოფისთვის უმჯობესია, თუკი შენი ძალის, ან ცოტა სუსტ გუნდს შეხვდები. ამ შემთხვევაში კი ჩვენ რამდენიმე გრანდი გვყავს მეტოქედ, რომლებთანაც ალბათ წავაგებთ, თუმცა ეს არ მაღელვებს. ბოლო წლებში ჩვენ ძალიან მოტივირებულნი ვიყავით და საკმაოდ წარმომადგენლობითი ამხანაგური ტურნირები მოვიგეთ კიდეც იტალიასა და ბელარუსში, რაც იმიტომ გავაკეთეთ, რომ ბულგარეთის ნაკრების პრესტიჟი აგვემაღლებინა და ნდობა მოგვეპოვებინა. ამჯერადაც ექნება შედეგს მნიშვნელობა, მაგრამ აქცენტს მოგებებზე იმდენად არ გავაკეთებთ, რამდენადაც ყველა კანდიდატის გამოცდასა და გუნდის შეთამაშებაზე.
 

როსენ ბარჩევსკი და ბულგარელი კალათბურთელები თბილისის აეროპორტში. 28 აგვისტო, 2010 წელი
 
ბულგარელთა ნაკრების მოზამზადებელი გეგმა
 
• 10–25 ივლისი – საწვრთნელი შეკრება ბულგარეთის დაბა ბოროვეცში. სასტუმრო „იასტრებეცი“.
• 25–28 ივლისი – საწვრთნელი შეკრება ხორვატიაში. 2 ამხანაგური მატჩი ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან.
• 29–31 ივლისი – საერთაშორისო ტურნირი ბორმიოში, იტალია. მონაწილეობენ: იტალია, უნგრეთი, კანადა, ბულგარეთი.
• 1–3 აგვისტო – საწვრთნელი შეკრება სოფიაში, სასტუმრო „ვეგა“.
• 5–8 აგვისტო – საერთაშორისო ტურნირი ლიმასოლში, კვიპროსი. მონაწილეობენ: იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი. მეოთხე გუნდი მოგვიანებით გაირკვევა.
• 9–18 აგვისტო – საწვრთნელი შეკრება ბულგარეთის დაბა პრავეცში. სასტუმრო „რიუ რესორთ“.
• 19–21 აგვისტო – საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი სკოპიეში, მაკედონია. მონაწილეობენ: მაკედონია, ბულგარეთი. ორი გუნდის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
• 23–25 აგვისტო – „აკროპოლისის“ საერთაშორისო ტურნირი ათენში, საბერძნეთი. მონაწილეობენ: იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი. მეოთხე გუნდი მოგვიანებით გაირკვევა.
• 29 აგვისტოდან ბულგარეთის ნაკრები ლიტვის ქალაქ კლაიპედაში დაბანაკდება და 31–დან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს 5 სექტემბერს, კლაიპედაში შეხვდებიან.