რუსეთს პოლონეთთან შვედმა მოაგებინა

რუსეთს პოლონეთთან შვედმა მოაგებინა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქე რუსეთმა ისრაელში ამხანაგური მატჩი გამართა და პოლონეთის ნაკრებთან დიდი გაჭირვებით – 80:76 გაიმარჯვა. პოლონური პრესა კმაყოფილი იყო თავიანთი ნაკრების თამაშით და წაგების ფაქტს აინუნშიც არ აგდებდნენ – მთვარია, რომ გუნდი კარგ ფორმაშია და ბოლომდე ბრძოლა შეუძლიაო.
 
რუსები ანდრეი კირილენკოს გარეშე თამაშობდნენ. პირველი მეოთხედი პოლონეთმა 25:19 მოიგო, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ ალეშ პიპანის გუნდი 2 ქულით ჯაბნიდა რუსებს. მესამე მეოთხედში რუსეთმა უპირატესობა მოიპოვა და პერიოდი 23:19 მოიგო, თუმცა პოლონელებმა ბოლო მეორთედში მოინდომეს და თამაში ბოლო წუთამდე თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. გადამწყვეტ წუთებში დაცვაში კარგმა თამაშმა და ზუსტად შესრულებულმა საჯარიმოებმა რუსებს გამარჯვება მოუტანა.
 
საყურადღებო ფაქტია, რომ რუსეთის ნაკრებში 22 ქულით ბომბარდირი ალექსეი შვედი გახდა. ეს მოთამაშე სათადარიგოა და აქამდე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში შედეგიანობით ვერ გამოირჩეოდა. ყველაზე ხშირად სპარინგ–მატჩებში კირილენკო და ვიტალი ფრიდზონი გამოირჩეოდნენ, თუმცა ბომბარდირები შედარებით უკანა პლანზე მდგომი კალათბურთელებიც ხდებოდნენ – ნიკიტა შაბალკინი, ანტონ პონკრაშოვი. ეს ფაქტი რუსეთის ნაკრების დაბალანსებულობაზე მიუთითებს. მათ კი ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერი კირილენკოს სახით, თუმცა სხვა კალათბურთელებიც საკმაოდ საშიშნი არიან და ნებისმიერს შეუძლია ლიდერობა იკისროს.
 
პოლონეთმა ამით დაასრულა ევროჩემპიონატისთვის მზადების ციკლი, ხოლო რუსეთი ამხანაგურ მატჩებს აგრძელებს. დევიდ ბლატის გუნდი დღეს ისრაელს შეხვდება.
 
ამხანაგური მატჩი. თელ ავივი. 23 აგვისტო
რუსეთი 80:76 პოლონეთი
19:25 16:12 23:19 22:20
რუსეთი: შვედი (22), ხრიაპა (12), მონია (10),  მოზგოვი (8), ფრიდზონი (8), ბიკოვი (6), შაბალკინი (6), ვორონცევჩი (5), ანტონოვი (2), პონკრაშოვი, ვიალცევი, ვორონოვი
პოლონეთი: ბერიშა (21), შევჩიკი (12), ჰრიშანიუკი (8)
 

ალექსეი შვედი