რუსთაველებმა თბილისში “ენერჯისთან” დაძაბული მატჩი მოიგეს

რუსთაველებმა თბილისში “ენერჯისთან” დაძაბული მატჩი მოიგეს

მორიგი ტური საკმაოდ დაძაბული და საინტერესო შედეგებით გამორჩეული გამოდგა. ტური ქუთაისში 12 დეკემბერს დაიწყო, სადაც ჩემპიონატში კონკურსგარეშე მონაწილე 93–წლიანების ნაკრები ჩავიდა და 55:62 დამარცხდა.
13 დეკემბერს კი უკვე „სასოფლოს“ დარბაზმა უმასპინძლა დარჩენილ მატჩებს და პირველივე შეხვედრაში საინტერესო ამბები განვითარდა. „აკადემიამ“ ჩემპიონატი მძლავრად დაიწყო, საწყისი 4 შეხვედრა მოიგო, თუმც ბოლო ორ ტურში აშკარად მოუკლო და ეს შედეგზეც აისახა. აკადემიელებმა გასულ შაბათს მეორე მარცხი განიცადეს – ამჯერად დავით თორთლაძის გაწვრთნილ „დინამოსთან“.
„აკადემია“ თავიდან კი იგებდა, მაგრამ მერე მოედანზე დინამოელთა რიგებში ბაქრაძე და ალხანაიძე გამოჩდნენ, რომლებმაც თამაშში გარდატეხა შეიტანეს და თორთლაძის გუნდს სოლიდური უპირატესობა დაუბევეს.თამაშს ბოლო მეოთხედამდე თანაბარი ეთქმოდა, თუმცა უკანასკნელ ათწუთეულში დინამოელებმა ბოლომდე გაილაღეს და საბოლოოდ სოლიდური სხვაობით – 79:59 დაამარცხეს გია კაზანჯიანის გუნდი.მეორე მატჩში მართვული დერბი გაიმართა: პირველი გუნდი მეორეს წინააღმდეგ, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა. შეხვედრა თავიდანვე თანაბრად დაიწყო და ასე გაგრძელდა თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში. პირველი მეოთხედი მართვე–2–მა მოიგო 1 ქულით, აი, მეორეში კი უკეთ ათამაშდა და პირველი ტაიმის შემდეგ კახა შენგელიას გუნდი 45:35 დაწუნაურდა.მართვე–2 ძირითადად გიორგი გლოველისა და აკაკი ლომოურის ყოჩაღი გარჯის წყალობით ლიდერობდა, გია ტეტელაშვილის მართვე–1–ის გამწევი ძალა კი მწვრთნელის შვილი გიორგი ტეტელაშვილი იყო, რომელმაც საბოლოოდ 27 ქულა მოაგროვა, თუმცა დრიბლინგისას სიფრთხილე აკლდა და საბოლოოდ 14–ჯერ დაკარგა ბურთი.
შეხვედრის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, როცა ლომოურმა და გლოველმა იმდენი ქნეს, რომ კახა შენგელიას გუნდს გამარჯვების მომტანი ლიდერობა დაუბევეს.და ბოლო შეხვედრა, რომელსაც დიდი დაძაბულობა ახლდა და საკმაოდ დრამატულად და ემოციურად დასრულდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „ენერჯი“ თავიდან დაწინაურდა, რაც მისი სწრაფი უკანახაზელების – ირაკლი ჩერქეზიშვილის და დავით გურაბანიძის დამსახურება იყო. ეს ბიჭები კარგად ათამაშებდნენ ბურთს და ხშირად თავადაც შედეგიანად აგვირგვინებდნენ შეტევებს. რუსთაველებმა კი სულ სხვა ადგილიდან შეუტიეს მეტოქეს – ბრძოლა ფარქვეშ გადაიტანეს და ამან გაუმართლათ კიდეც.თავი ისახელა რუსთაველთა და მთლიანად 18–წლამდელთა ჩემპიონატის ერთ–ერთმა ლიდერმა აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც თამაშიდან ნასროლი 21 ბურთიდან 17 მეტოქის კალათში მოათავსა და საბოლოოდ 44 ქულა მოაგროვა. მან ასევე ბრწყინვალედ ითამაშა ფარქვეშ და 19 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა, რითაც თავის გუნდს გაფუჭებული შეტევების ხელახლად დაწყების საშუალებას აძლევდა.სწორედ მისი გარჯის წყალობით გაათანაბრეს რუსთაველებმა ანგარიში და უდაძაბულეს ბოლო მეოთხედშიც წარმატებით ითამაშეს. ბოლო წუთამდე ანგარიში თითქმის სულ თანაბარი იყო, გადამწყვეტ მომენტში კი „ენერჯი–ინვესტის“ კალათბურთელებს ნერვებმა უმტყუნეს და მსაჯთან კამათისთვის ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურეს. ამან კი ყველაფერი რუსთაველთა სასარგებლოდ გადაწყვიტა და ქვემოქართლელებმა მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 85:80.