რუსთაველებს ფინალამდე ერთი ნაბიჯი აკლიათ

რუსთაველებს ფინალამდე ერთი ნაბიჯი აკლიათ

”ავიამშენმა” ერთხელაც გამოაჩინა ბრჭყალები, მაგრამ მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერ “ენერჯი-ინვესტთან” კვლავ არაფერი გამოუვიდა და სრიაში 0:2 ჩამორჩა.

ახლა უფრო კონკრეტულად. სერიაში 1:0 დაწინაურების შემდეგ რუსთავის “ენერჯის” კალათბურთელები მეორე საშინაო მატჩზე ხალისიანი განწყობით გავიდნენ. მათ პირველი ტაიმი იმდენად ლაღად ჩაატარეს, რამდენადაც “ავიატორებმა” – ნერვიულად. მეორე პერიოდში მასპინძლებს ყველაფერი გამოსდიოდათ. შეტევაში ლაშა გამყრელიძეს და დავით უგრეხელიძეს კარგად დაეხმარა ზვიად ბაბიაშვილი, რომელმაც პირველ ტაიმში 15 წუთი ითამაშა და 16 ქულა ჩააგდო. “ენერჯიმ” მეორე პერიოდი 22:11 მოიგო და 22-ქულიანი ფორა დაიბევა – 48:26.მეორე მეოთხედის განახლება იყო და “ავიატორებმა” 11:0 სპურტი მოაწყვეს. პირველ ტაიმში “ენერჯის” შეტევასა და დაცვაში თამაში ერთნაირად კარგად მისდიოდა, მესამე პერიოდში კი შეტევამ მოიკოჭლა, რის გამოც დაცვამაც სიმწყობრე დაკარგა და “ავიამ” მათიაშვილი-ნაცვლიშვილის ზუსტი თამაშის წყალობით მეოთხე პერიოდის მეორე წუთზე ტაბლოზე ოთხი ერთნაირი ციფრი დააფიქსირა: ვატო ნაცვლიშვილმა სამქულიანი ზუსტად შეასრულა და – 66:66. ამ ეპიზოდმა სტუმრებს ფრთები შეასხა და თითქოს გამარჯვების გზაც დაანახვა, მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა კოტე ტუღუში, რომელმაც ნაცვლიშვილის სროლას ასევე სამქულიანით უპასუხა – 69:66. ამას მოჰყვა ტუღუშის (სხვათა შორის, მესამე ათწუთეულში, როცა მასპინძლებს ძალიან გაუჭირდათ კოტემ 12 ქულა ჩააგდო) კიდევ ერთი შორეული ტყორცნა და მიხეილ ჭოჭუას სამქულიანი, რომლის შემდეგ “ენერჯი” 79:71 დაწინაურდა. დარჩენილ 2:33 წუთში “ავიატორებმა” ძალიან მოინდომეს, მაგრამ საკვანძო ეპიზოდებში მათ იერიშებს ლაშა გამყრელიძე შლიდა, რომელიც საპასუხოდ ან ორქულიანს აგდებდა, ან საჯარიმოს ხაზზე დგებოდა. ამ გუნდების მორიგი მატჩი 1 მაისს სპორტის სასახლეში 16:15 საათზე გაიმართება.