საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩებს ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. ერთი მატჩიც ქუთაისში გაიმართება. პირველი შეხვედრა უკვე დასრულდა, რომელშიც გურჯაანის “დელტამ” “რუსთავს” უმასპინძლა. მატჩი ქვემოქართლური გუნდის როგორც დაიწყო, ისე დასრულდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ რუსთავს დიდი ჯაფა არ დასდგომია გურჯაანელების დასამარცხებლად. მატჩის საბოლოო ანგარიშია 99:91 (სტატისტიკა) რუსთაველთა სასარგებლოდ.
პირველ პერიოდში მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა რუსთაველებმა მაინც მოახერხეს ათწუთეულის სათავისო ანგარიშით დასრულება – 29:24. თანაბარი გამოდგა მეორე პერიოდი, რომელიც ფრედ – 19:19 დასრულდა და დიდი შესვენებისთვის რუსთაველთა უპირატესობა ისევ 5 ქულას შეადგენდა.
მესამე პერიოდიდან ქვემოქართლელებმა მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს და უპირატესობას როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე ზრდიდნენ. მეოთხედის შუაში სტუმართა უპირატესობამ 18 ქულას მიაღწია, რის შემდეგაც გურჯაანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ძიძიგურმა წუთშესვენება აიღო და სათამაშო ტაქტიკა შეცვალა, რამაც ნაწილობრივ გაამართლა.
ბოლო პერიოდი წინ რუსთაველები 12 ქულას იგებდნენ, თუმცა “დეტლას” მოთამაშეები ისე მომართულნი იყვნენ, სტუმართა გუნდის წევრებს რომ არ ემარჯვათ, შესაძლოა, რუსთავში წაგებით გაბრუნებულიყვნენ. ლუკა ბულაშვილის, გუგა პატაშურისა და რევაზ როგავას ოსტატური თამაშის წყალობით ქვემოქართლელებმა გამარჯვებამდე მიიყვანეს მატჩი.
რუსთაველებს ლუკა ბულაშვილმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა მოაგროვა. 20 ქულა მიითვალა რევაზ როგავამ, გუგა პატაშურის ანგარიშზე 16 ქულა, 11 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. გურჯაანელთაგან 17 ქულით ბომბარდირი გახდა დერიკ ნიუტონი, გეგი ბაქრაძემ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.
რუსთავი ამ მოგებით ცხრილში გალიდერდა, თუმცა დღეს, მომდევნო მატჩში ოლიმპი მარგვეთს ეთამაშება და თუ გაიმარჯვა, პირველზე ისევ ოლიმპი გადავა.