რუსთავმა კაკტუსი ბოლო წუთებზე გატეხა

რუსთავმა კაკტუსი ბოლო წუთებზე გატეხა

სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩს რუსთავმა უმასპინძლა. ქვემო ქართლს კაკტუსი ეწვია, რომელმაც რუსთავულ გუნდს დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთაველებმა მეტოქე ბოლო წუთებზე გატეხეს და მოპოვებული გამარჯვებით სუპერლიგის ლიდერობა შეინარჩუნეს.

არადა, რუსთაველებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს და 19:8 დაწინაურდნენ. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა თამაში მალევე დაალაგეს და პირველ შესვენებამდე ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს. მასპინძლები ლიდერობას ინარჩუნებდნენ, მაგრამ კაკტუსი არ რჩებოდა და შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა. 

მესამე პერიოდის დაწყებამდე ანგარიშში სხვაობა მასპინძლების სასარგებლოდ 12 ქულას შეადგენდა, თუმცა მესამე მეოთხედში კაკტუსელთა ბრძოლისუნარიანობამ და შეუპოვარმა თამაშმა შედეგი გამოიღო. ჟღენტის გუნდმა ჩამორჩენა ორჯერ შეამცირა მინიმუმამდე (63:64, 73:74), თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხა. 

შეხვედრის დასრულებამდე ოთხნახევარი წუთით ადრე რუსთაველთა ლიდერობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენდა, რასაც მასპინძელთა გააქტიურება მოჰყვა და მაშინ, როცა დაძაბული ფინალი ივარაუდებოდა, ბრძოლა აღარ შედგა. რეზო ჩაჩანიძემ, მალიქ უაითმა, ჯილან ვაშინგტობმა და  გეგი ბაქრაძემ ზედიზედ ჩალაშქრეს კაკტუსის კალათი და მატჩის დასრულებამდე 2 წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი, რუსთავი რომ 10 ქულით დაწინაურდა – 89:79. მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. შეხვედრა მასპინძლებმა გამარჯვებამდე იოლად მიიყვანეს და საბოლო ანგარიშიც დააფიქსირეს – 94:86 (სტატისტიკა).

რუსთაველთა შორის ყველაზე სარგებლიანი მაიკ დევისი გახლდათ – 15 ქულა, 9 პასი, 7 მოხსნა და 3 ჩაჭრა. ბომბარდირი 25 ქულით უაითი გახდა, 15 ქულა და 8 მოხსნა გეგი ბაქრაძის ანგარიშზეა. ჯილან ვაშინგტონმა ორმაგი დუბლი გაიფორმა – 10 ქულა, 12 მოხსნა. კაკტუსელთაგან 16 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ლევან მასხულია, 19 ქულა დარიუს უილიამსმა მოაგროვა, ხოლო სანდრო სანაძემ 20 ქულით ბომბარდირობა ითავა.

სუპერლიგის მიმდინარე ტურის მორიგი მატჩები 27 თებერვალს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მირიან ჩხეიძის ფოტოები