რუსთავმა კაკტუსს დამაჯერებლად სძლია და სუპერლიგაში გალიდერდა

რუსთავმა კაკტუსს დამაჯერებლად სძლია და სუპერლიგაში გალიდერდა

საკალათბურთო სუპერლიგას ახალი ლიდერი ჰყავს. მართალია, დაკარგული ქულებით, ყველაზე ნაკლები წაგების მქონე ოლიმპია პირველი, თუმცა რეალური ქულებით, ამჟამად ცხრილს სათავეში რუსთავი უდგას. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა დღეს სუპერლიგის მორიგი ტურის პირველ მატჩში პირველი წრის ლიდერი კაკტუსი დაამარცხა და 14 მატჩიდან 11 მოგებით პირველ ადგილზეა. 1 მატჩითა და ქულით ნაკლები აქვს მეორეზე მყოფ ოლიმპს, რომელიც ხვალ აუტსაიდერ ვერას ეთამაშება და თუ მოუგებს, პირველ ადგილზე გადავა.

ცალკე თემაა კაკტუსის დაღმასვლა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველ წრეში 10-დან 8 მატჩი მოიგო და ახალ წელს პირველ ადგილზე შეხვდა, თუმცა მეორე წრიდან ჩავარდნა დაეწყო, რაც ძირითადად ლეგიონერთა ტრავმიანობითა და როტაციით არის განპირობებული. 2 ლეგიონერი, რომელიც ამ მომენტისთვის იცავს კაკტუსის სახელს, საკმარისი არ არის წარმატებული თამაშისთვის. ხოშტარიას გუნდმა მეორე აუტსაიდერ ვერასთან მოგებით დაიწყო, თუმცა შემდეგ ზედიზედ 5 შეხვედრა წააგო და დაკარგული ქულებით თსუ-სა და ბათუმს გაუთანაბრდა.

რაც შეეხება რუსთავთან მატჩს, კაკტუსს გამარჯვების შანსი არ ჰქონია. ქვემოქართლელებს საკმაოდ დაბალანსებული და შეთამაშებული გუნდი ჰყავთ, რის ხარჯზეც თამაშს თამაშზე იგებენ და აკი ლიდერობაც მოიპოვეს. რუსთაველებმა ყველა პერიოდი მოუგეს კაკტუსს და საბოლოოდ 28-ქულიანი სხვაობით – 103:75 (სტატისტიკა) იმარჯვეს. სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა ტრეი კროფტმა, რომელმაც თავი 30 ქულასა და 8 პასს მოუყარა. 18 ქულა და 7 პასი ლუკა ბულაშვილმა მიითვალა, 13 ქულა და 10 მოხსნა ეივერი დიგსის ანგარიშზეა. კაკტუსში 17 ქულით საუკეთესო იყო რაიან ალენი, მერაბ ბოქოლიშვილმა 14 ქულა და 3-3 მოხსნა-პასი მიითვალა.

სუპერლიგის მე-16 ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა 5 მარტს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.