რუსთავმა მარგვეთს დამაჯერებლად სძლია და ცხრილის ლიდერებს შეუერთდა

რუსთავმა მარგვეთს დამაჯერებლად სძლია და ცხრილის ლიდერებს შეუერთდა

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის მე-13 ტურის ერთი მატჩი გაიმართა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა “მარგვეთმა” ანატოლი ბოისას “რუსთავს” უმასპინძლა და 27 ქულით – 63:90 (სტატისტიკა) დამარცხდა. როგორც ანგარიშიდან ჩანს, ბრძოლა არ შედგა. ქვემოქართლურ გუნდმა პირველი წრის შუაში განცდილი რამდენიმე მარცხის შემდეგ საკუთარი თამაში იპოვა და წარმატებულ სვლას განაგრძობს.

რუსთაველებმა ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვეს და საერთო მონაგრით (9 მოგება – 4 წაგება) შეუერთდნენ სუპერლიგის ლიდერ გუნდებს – კაკტუსს და კავკასიას. თუმცა აქვე დავაფიქსიროთ, რომ 9 მოგებითა და 3 მარცხით დაკარგული ქულების მხრივ ჩემპიონატის ლიდერია ოლიმპი.

რუსთაველებმა დღევანდელ მატჩში მეტოქეს მხოლოდ ერთი პერიოდი, ისიც 1 ქულით დაუთმეს. ეს მოხდა მეორე ათწუთეულში, რომელიც ჩერქეზიშვილის გუნდმა 17:16 მოიგო. რაც შეეხება დანარჩენ პერიოდებს, რუსთაველებმა საწყისი მეოთხედი 24:16 მოიგეს, მესამეში მეტოქეს 22:12, აჯობეს, ხოლო მესამეში – როცა შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო, მეტოქე მაინც არ დაინდვეს და 28:18 ძლევით საბოლოოდ 27-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს.

საუკეთესო სტატისტიკა რუსთავის ვეება ცენტრ ეივერი დიგსს ჰქონდა, რომელმაც 14 ქულა და 14 მოხსნა ისე მიითვალა, თამაშიდან 7-ვე სროლა ჩააგდო. სარგებლიანობის კოეფიციენტით (30) დიგსმა ოდნავ აჯობა ლუკა ბულაშვილს (28), ვინც 24 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და მატჩში უმეტესი 6 ჩაჭრა გაიფორმა. გუგა პატაშურმა გამარჯვებაში ორმაგდუბლიანი წილი დაიდო – 17 ქულა, 11 მოხსნა. მარგვეთში 27 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო მარქუს გილსონი. 10-10 ქულა რონი როზიემ და ოთარ ბულიავამ მიითვალეს.

სუპერლიგის მომდევნო, მე-14 ტური 15 და 16 თებერვალს გაიმართება.