რუსთავმა პირველი ადგილი გაინაღდა, კაკტუსმა ვერას წაუგებელი სერია შეწყვიტა

რუსთავმა პირველი ადგილი გაინაღდა, კაკტუსმა ვერას წაუგებელი სერია შეწყვიტა

სუპერლიგის მე-18 ტური დასრულდა. მართალია, 18 მატჩი მხოლოდ 3 გუნდს აქვს ჩატარებული, თუმცა ეს ჩემპიონატში მონაწილე გუნდების კენტი რაოდენობის გამოა. ტურთან ერთად დასრულდა საკალათბურთო კლუბ “ვერას” წარმატებული, 5-მატჩიანი წაუგებელი სერია. მთავარი მწვრთნელის ამპლუაში დავით გასიტაშვილი პირველად დამარცხდა. კლუბის ერთ-ერთმა მეპატრონემ და პრეზიდენტმა ვერას მთავარი მწვრთნელის პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც თებერვლის შუაწელში გუნდი ლევან ფაცაციას დაშორდა. მას შემდეგ ვერელებმა მიჯრით 5 მატჩი მოიგეს და დღეს პირველი მარცხი “კაკტუსთან” განიცადეს – 69:82 (სტატისტიკა)

თავის მხრივ, ამ გამარჯვებით “კაკტუსმა” საკუთარი წარმატებული სვლა გააგრძელა და პროგრამა მინიმუმი – ლიგაში დარჩენა, ფაქტობრივად შეასრულა. არჩილ ჟღენტის გუნდმა ბოლო 8 მატჩიდან 6 მოიგო და ამ ძალიან წარმატებული სერიის წყალობით ცხრილის ბოლოდან მოწინავეთა შორის გადაინაცვლეს. დღევანდელ მატჩში კაკტუსელებმა ვერას ისე მოუგეს, მეტოქისთვის შანსი არ მიუციათ. გასიტაშვილის გუნდი მხოლოდ თავიდან, 3:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც კაკტუსელებმა ლიდერობა მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე მეტოქე ახლოს არ გაუკარებიათ.

ტურის ბოლო შეხვედრა კი რუსთავში გაიმართა, სადაც სუპერლიგის ლიდერმა დამაჯერებლად – 88:74 დაამარცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელსაც ტრავმის გამო ერთ-ერთი ლეგიონერი, ბრაის სმიტი აკლდა. თსუ-მ ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო და ერთ-ერთი ლიდერის ტრავმამ ცუდ დროს მოუსწრო.

სმიტის გარეშე თსუ-ს ფარქვეშ ერთობ გაუჭირდა, თუმცა არც პერიმეტრზე იყო ძალთა ტოლი თანაფარდობა. რუსთაველთა ამერიკელმა გამთამაშებელმა, მაიკლ დევისმა პირველ პერიოდში 3 სამქულიანი ჩააგდო და სათავე დაუდო ქვემოქართლური გუნდის დამაჯერებელ ლიდერობას, რაც თამაშის ბოლომდე და შეფერხების გარეშე გაგრძელდა. 

რუსთაველები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და სუპერლიგაში ლიდერობა გაიმყარეს. ამ გამარჯვებით რუსთაველებმა რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულება გაინაღდა, რაც პლეი ოფის ნებისმიერ სტადიაზე მოედნის უპირატესობას ნიშნავს. რეგულარულში დარჩენილი სამივე მატჩიც რომ წააგოს, რუსთავი პირველ ადგილს მაინც არ ჩამოსცდება. 

მომდევნო ტურის მატჩები 3 და 4 აპრილს თბილისსა და ბათუმში გაიმართება.