რუსთავმა სერია მოგებით დაიწყო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

რუსთავმა სერია მოგებით დაიწყო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

„ჰიუნდაი“ ფინალშია
და ელოდება მეტოქეს, რომელიც „რუსთავისა“ და „აკადემიას“ დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს. 

დღეს ამ გუნდებმა ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი რუსთავში ითამაშეს, რომელიც
მასპინძელთა გამარჯვებით – 58:52 დასრულდა.

რუსთაველები მატჩის
დასაწყისში რომ დაწინაურდნენ და ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს, მთელი მატჩის განმავლობაში
ლიდერობდნენ. გამონაკლისი იყო მესამე მეოთხდედის ბოლო და მეოთხეს დასაწყისი, როცა აკადემიელებმა
მოახერხეს და ანგარიში გაათანაბრეს. ბექა დარახველიძის გარღვევის შემდეგ ანგარიში
46:46 გახდა. მატჩის დასრულებამდე 6 წუთი რჩებოდა და მასპინძლებს მოგებული მატჩი ხელიდან
ეცლებოდათ, თუმცა ზონურმა დაცვამ რუსთაველებს უშველათ. აკადემიელებს ბურთის ჩაგდება
უჭირდათ, ხოლო მასპინძლებს შეტევაში ერეკლე ლორთქიფანიძე დაეხმარა, რომელმაც 3 წუთის
ინტერვალში 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთიც რამდენჯერმე ჩაჭრა და ქვმემოქართლელებმა
10-ქულიანი ლიდერობა აღიდგინეს – 56:46.

დარჩენილ დროში
რუსთაველებმა მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. მომდევნო
მატჩი 12 მაისს, 12 საათზე, საკალათბურთი აკადემიის დარბაზში გაიმართება.
რუსთავი – აკადემია 58:52

მატჩისშემდგომი
კომენტარები

გელა წულაძე(აკადემია): მატჩის ბედი
ჩვენმა შეცდომებმა და უზუსტო სროლებმა გადაწყვიტა. შეხედეთ სტატისტიკას და ყველაფერი
ცხადი გახდება. 14 ცდიდან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩავაგდეთ, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან
12-დან მხოლოდ 3 სროლა გამოვიყენეთ. რუსთაველებს კი პირიქით, შორის სროლები წაუვიდათ
და გამარჯვებაც მათ დარჩათ. ვეცდებით, მომდევნო მატჩში უკეთესად ვითამაშოთ და გამარჯვებას
მივაღწიოთ“.

დავით მაჭავარიანი(რუსთავი):  „აკადემია“ ძალიან უხერხული მეტოქეა. რეგულარულში
ორჯერ შევხვდით და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერვე მოვუგეთ, დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია.
თანაბარი თამაში იყო. საკმარისზე მეტი  შეცდომა
დავუშვით და ბოლო პერიოდში მეტოქემ ანგარიშიც გაგვითანაბრა, მაგრამ მას ზონური დაცვა
დავუპირისპირეთ და ჩვენს გამარჯვებაში ამან გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. სერიის
მეორე მატჩიც სავარაუდოდ ასეთი რთული იქნება.

თორნიკე ქიტოშვილი(რუსთავი):  მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მეტოქე საკმაოდ ძლიერი
მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და დიდი წინააღმდეგობაც გაგვიწიეს. ბევრი შეცდომა კი
დავუშვით, მაგრამ გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ. ახლა ჩვენი ამოცანა დღევანდელი მატჩის
გაანალიზება და დაშვებული შეცდომების გამოსწორება იქნება. თუ ეს მოვახერხეთ, მომდევნო
მატჩშიც გავიმარჯვებთ და ფინალში გავალთ“.