რუსთავის საკალათბურთო გუნდი მემორიალის გამარჯვებულია. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნის ტურნირი, რომელიც კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით 2006 წლიდან ტარდება, მეექვსედ მოიგო. სატიტულო მატჩში ქვემოქართლელებმა საკალათბურთო კლუბი მეგა დაამარცხეს – 81:64 (სტატისტიკა).
მატჩის საბოლოო ანგარიში რუსთაველთა სოლიდურ უპირატესობაზე მიუთითებს, რაც მეორე ნახევარში გამოიკვეთა, მანამდე კი, პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. მეგა, რომელიც მემორიალის ფინალში თსუ-ს ძლევის შედეგად გავიდა, რუსთაველებს სოლიდურ წინააღმდეგობას უწევდა. სხვათა შორის, ეს გახლდათ მეგასა და რუსთავის მეორე მატჩი ამ ტურნირზე. ამ გუნდების შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე რუსთაველთა 14-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა და ეს გახლდათ მემორიალის პირველი მატჩი. ასე რომ, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას 2023 წლის გათამაშება რუსთავი-მეგას მატჩით დაიწყო და დასრულდა.
ფინალური მატჩის პირველი ნახევარი რუსთაველებმა 2 ქულით – 32:30 მოუგეს, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს. ჩინებულად ირჯებოდა მეგას მეფარე მარქუს გილსონი, თუმცა გუნდის მთავარი გამთამაშებელი, რონი როზიე ვერ იყო იშტაზე. ის რუსთაველთა უკანახაზელის, ლუკა ბულაშვილის ჩრდილში მოექცა, რომელმაც საბოლოოდ 23 ქულა მოაგროვა და ტურნირის საუკეთესო უკანახაზელის პრიზიც მოიგო. მე-3 პერიოდი რუსთაველებმა 28:8 მოიგეს და მატჩის ბედიც ფაქტობრივად ბოლო პერიოდის დაწყებამდე გადაწყვიტეს.
ბოლო პერიოდში ბევრი არაფერი შეცვლილა. მეგამ რაც მოახერხა, ჩამორჩენის 15 ქულამდე შემცირება იყო, თუმცა საბოლოოდ 23-ქულიანი მარცი განიცადა. გამარჯვებულთაგან ბომბარდირი ლუკა ბულაშვილი გახდა. გუგა პატაშურმა 16 ქულა და 9 მოხსნა მოინაგრა. რევაზ როგავას ანგარიშზე 15 ქულა და 8 პასი დაგროვდა. მეგაში საუკეთესო 27 ქულითა და 16 მოხსნით მარქუს გილსონი გახდა, ოთარ ბულიავამ 18 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
ფინალური მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ტურნირის საუკეთესო ფორვარდს, გუგა პატაშურს სპეციალური პრიზი მიხეილ ქორქიას შვილმა თამუნა ქორქიამ გადასცა. საუკეთესო უკანახაზელის პრიზი ლუკა ბულაშვილმა დაიმსახურა, რომელიც ზურაბ საკანდელიძის მეუღლემ, მაცაცო მგელაძე-საკანდელიძემ დააჯილდოვა.
რუსთაველთა კაპიტანი აკაკი დვალიშვილი გარდამავალი თასით ზურაბ საკანდელიძის შვილიშვილმა – გიორგი ჩაჩავამ დააჯილდოვა.