რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში ბავშვთა საკალათბურთო ტურნირი – „რუსთავის თასი” დაიწყო , რომელიც ტრადიციულია და მისი 2023 წლის გამოშვება საერთაშორისო სტატუსს ატარებს. 16 მონაწილეს შორის ადგილობრივებთან ერთად არიან კლუბები ესტონეთიდან (ვილანდი) და ლატვიიდან (ტალსი).
ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონია 27 მარტს გაიმართა, რომელსაც რუსთავის მერის მოადგილე, ოთარ ტატალაშვილი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ფედერაციის რეგიონების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ონიანი და არაერთი მოწვეული სტუმარი დაესწრო.
„რუსთავის თასში“ მონაწილეობას 12 წლამდელთა გუნდები იღებენ, რომლებიც კენჭისყრის შედეგად 4 ჯგუფში გადანაწილდნენ.
ჯგუფური ეტაპის თამაშები 27-29 მარტს გაიმართება, ხოლო პლეი ოფი 30 მარტს აიღებს სტარტს. ფინალური მატჩი 1 აპრილს 18:00 საათზეა დაგეგმილი. ტურნირის მიზანს საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
ტურნირზე საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებთან ერთად გამოვლინდებიან ინდივიდუალური პრიზების მფლობელი კალათბურთელები. „რუსთავის თასი 2023“-ს ორგანიზატორები არიან სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი და საკალათბურთო კლუბი „რუსთავი 1991“, ხოლო მხარდამჭერები – რუსთავის მერია და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.
“რუსთავის თასი 2023”-ის სპონსორები: ფენიქსი, სანტე, shoot360 , jasdrip, უჯმალენდი. ტურნირის მატჩები live-რეჟიმში ფედერაციის Youtube-ის ერთ-ერთ გვერდზე – https://tinyurl.com/2p84f36w – გადაიცემა.
ფოტო: მირიან ჩხეიძე