რუსთავში დუდუ დადიანის მემორიალის 23-ე გათამაშება დაიწყო
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი რუსთავში, სპორტის ახალ სასახლეში დაიწყო. აღნიშნული ტურნირი 2002 წლიდან ტარდება და წლევანდელი გათამაშება რიგით 23-ეა, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობს. სუპერლიგის 11 გუნდთან მემორიალში მონაწილეობს “რუსთავი 1991”, რომელიც არსებობის მანძილზე პირველად თამაშობს “ა” ლიგაში, სადაც წინა სეზონში, ბოლო ადგილის დაკავების გამო დაქვეითდა.
მოგეხსენებათ, ტურნირის მონაწილე გუნდი 4 ჯგუფშია გადანაწილებული და ნახევარფინალში თითოეულიდან საუკეთესო გავა. პირველი ტურის თამაშები საკმაოდ საინტერესო გამოდგა. თითოეულ ჯგუფში თითო შეხვედრა ჩატარდა, შესაბამისად, 4 გუნდი ისვენებდა. დამკვიდრებული ტრადიციით, დუდუს თასი გახლავთ სუპერლიგისთვის მოსამზადებელი, რომელშიც გუნდები მეტოქეებზე არანაკლებად საკუთარი გუნდის ახალ შემადგენლობას აკვირდებიან – ვინ როგორ ფორმაშია, რომელ რგოლში რა ხარვეზია, სად მართებთ გაძლიერება და ასე შემდეგ…
პირველი შეხვედრა D ჯგუფის გახლდათ, რომელშიც ერთმანეთს გურჯაანის “დელტა” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდნენ.
D ჯგუფი
გურჯაანის დელტა vs თსუ
სტატისტიკა: 88:94
ორივე გუნდი ტრადიციულად ამბიციურია, თუმცა გასულ სეზონში საწადელს ვერც ერთმა მიაღწია. ორივე მათგანი სუპერლიგის პლეი ოფიდან კავკასიამ გამოთიშა – თსუ მეოთხედფინალიდან, ხოლო გურჯაანი ნახევარფინალიდან. თსუ, რომელიც წინა სეზონში მოქმედი ჩემპიონი იყო. მხოლოდ თასის მოგებას დასჯერდა, საჩემპიონო ამბიციების მქონე გურჯაანის დელტამ კი ვერც ერთი ტურნირი ვერ მოიგო.
წინა სეზონთან შედარებით შემადგენლობა გაიძლიერესო, ვერ ვიტყვით, თუმცა თსუ-ს საკმაოდ საინტერესო, გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეებისგან შერწყმული გუნდი ჰყავს. საინტერესოა, რომ თსუ-ში ჯერ არც ერთი ლეგიონერი არაა და მათი დამატების შემდეგ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი საკმაოდ ამბიციური იქნება.
დუდუ დადიანის სადებიუტო შეხვედრაში საკმაოდ საინტერესო ბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდა. გამოცდილი მწვრთნელის, ირაკლი ხოშტარიას ხელმძღვანელობით გურჯაანელები ჩამორჩენას ამცირებდნენ და რამდენჯერმე წინაც გავიდნენ. საბოლოოდ ყველაფერი მაინც თსუ-ს გამარჯვებით დასრულდა, სადაც ეროვნული ნაკრების წევრი ალექსანდრე ფევაძე 31 ქულითა და 11 მოხსნით გამოირჩა. თსუ ბოლო წლებში სწორედ ნაკრების მოთამაშეებით იყვნენ გამორჩეულნი და ჩვეულებას არც ამჯერად უღალატეს – შეინარჩუნეს ფევაძე და გიორგი ცინცაძე, ხოლო შეიმატეს ოთარ ფხაკაძე და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი.
ამ ჯგუფში მესამე მონაწილე ტყიბულის ორბია, რომელიც მეორე ტურში დელტას ეთამაშება, თსუ კი დაისვენებს.
A ჯგუფი
ვსა vs ბათუმი
სტატისტიკა: 82:66
სუპერლიგის დებიუტანტმა ვსა-მ სტაჟიანი და დიდი ისტორიის მქონე გუნდი “ბათუმი” გაანადგურა. ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდმა “ა” ლიგის მოგებით სუპერლიგის საგზური მოიპოვა და მისთვის მოსამზადებლად დამკვიდრებული დუდუ დადიანის მემორიალი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ბათუმელებს დიდი საკალათბურთო ისტორია უმაგრებთ ზურგს – მიმდინარე საუკუნის დასაწყისში ზღვისპირელები საქართველოს სამგზის ჩემპიონები არიან, თუმცა ბოლო ათწლეულებში, აჭარის დედაქალაქის ტურისტულ-ეკონომიურად ზრდა და მდიდრულად მორთვა-მოკაზმვა მის საკალათბურთო გუნდზე ვერანაირად ვერ აისახა. ბათუმი რჩება საშუალო გუნდად, რომელიც ხან სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის, ხანაც, თუ ლეგიონერებში გაუმართლებს, ოთხეულში გასვლის კანდიდატია და ბოლო ათწლეულებში ეს 1-2-ჯერ თუ მოახერხა. გუნდი, რომელიც ქვეყნის სავიზიტო ბარათად ქცეულ და ტურისტულ-ეკონომიურად მოწინავე ქალაქს წარმოადგენს, მეტი ამბიციისა და გაქანების გუნდს იმსახურებს – იქნება ეს კალათბურთი, ფეხბურთი თუ სპორტის ნებისმიერი სახეობა.
ვსა-მ ისე მოუგო სუპერლიგის ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან გუნდს, რომ შანსი არ დაუტოვა. სხვათა შორის, ვსა-მ ბათუმი წინა სეზონშიც დაამარცხა, როცა “ა” ლიგაში თამაშობდა და სუპერლიგის გუნდს თასის გათამაშებაში შეხვდა. 2 მატჩის ჯამში თამაში ფრედ დასრულდა და ბათუმელებმა ნახევარფინალში გასვლა ოვერტაიმიდან მოახერხეს.
რა თქმა უნდა, ბათუმში მოხდება ცვლილებები და გუნდი აუცილებლად გაძლიერდება, მაგრამ საფუძველი, რომელზეც ამბიციური გუნდი დაშენდება, ვსა-სთან მატჩში ვერ დავინახეთ. სუპერლიგაში გუნდის ძლიერება მის ადგილობრივ მოთამაშეებზეა დაფუძნებული – ვისაც ყველაზე მეტი და ყოჩაღი ქართველი მოთამაშე ჰყავს, ისაა ფავორიტი. ეს იმიტომ, რომ ბოლო წლებში ნაჩვენებმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ ლეგიონერთა დონე საქართველოში თანაბარია. გამორჩეულად კარგი უცხოელი სუპერლიგაში იშვიათობაა, რადგან სატრანსფერო ბაზარზე მოთამაშეებს ყველა დაახლოებით თანაბარი ფინანსური კატეგორიიდან ირჩევს. ქართველი მოთამაშეები ყველა განაწილებულია და გუნდი, რომელსაც გაძლიერება უნდა, მხოლოდ ლეგიონერების ჩამოყვანის იმედზე თუ იქნება.
ქება და ქება ვსა-ს გამთამაშებელ ჯერმეინ ჰედს, რომელიც 2 სეზონი “ა” ლიგაში ამტკიცებდა თავის შესაძლებლობებს და მართლაც შესძლებია სუპერლიგის დონეზე თამაში. 2 წლის წინ ჰედმა “ა”-დან სუპერლიგაში გორის ივერიონი აღაზევა, მაგრამ შიდაქართლელებმა ის გუნდში არ დაიტოვეს. ჰედმა მომდევნო სეზონში ვსა-ს ულიდერა და სუპერლიგაში გადასულმა გუნდმა ის ძირითად გამთამაშებლად დაიტოვა. ჰედი ბათუმთან საუკეთესო იყო 18 ქულით, 6 პასით, 5 ჩაჭრითა და 3 მოხსნით. საკმაოდ კარგები არიან აკადემიელთა სხვა ლეგიონერებიც – ჰავიერ ჰილ-მეისი და შაქუან ჯულსი.
C ჯგუფი
კსუ vs ამრა
სტატისტიკა: 70:77
2 ძალიან სიმპათიური გუნდი. უფრო ზუსტად, 2 გუნდი, რომლებსაც ნათლად სურთ, რომ სამაგალითოები იყვნენ და ამისთთვის თითოეულ დეტალს აქცევენ ყურადღბას – დაწყებული მოთამაშეების (ლეგიონერების) სელექციით, გაგრძელებული კლუბში ევროპული სტანდარტებით არსებული ყველა სამუშაო პოზიციის შეძლებისდაგვარად ათვისებითა და დასრულებული გუნდის საპრეზენტაციო აქსესუარების მოწესრიგებით.
ამრა გახლავთ იგივე შარშანდელი გაუ, რომელიც იმის წინა წლებში “ოლიმპის” სახელით გამოდიოდა. გუნდმა 2 წელში 2-ჯერ გამოიცვალა მთავარი სპონსორი და შესაბამისად – სახელი. ეს ცვლილებები გუნდის შედეგებზე ჯერ ვერ აისახება, თუმცა კლუბი ცდილობს, იბრძვის და გავარდნის საფრთხე ხომ არასდროს ემუქრება, შემადგენლობის გათვალისწინებით არც ურიგო შედეგებს აფიქსირებს. წინა სეზონში არცთუ ფავორიტად შერაცხულმა გაუ-მ ნახევარფინალში ითამაშა და ისტორიული რაც გააკეთა, ის იყო, რომ ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველმა მოიგო საპლეიოფო სერია 0:2 ჩამორჩენის შემდეგ.
ამჯერად “ამრად” წოდებულმა, ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა სეზონი მძლავრად დაიწყო და დაამარცხა გასული სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონი კსუ (კავკასია). შეხვედრა ორმხრივ სწრაფ შეტევებში გაილია – რაც მაყურებელთათვის საკმაოდ თვალსასეირო იყო. ბექა წივწივაძის გუნდს ქართველი მოთამაშეებიც არ აკლია და ლეგიონერიც 4 ჰყავს, თუმცა დებიუტი ისეთი ვერ გამოუვიდა, როგორსაც გეგმავდა. მთავარ მწვრთნელს, რომელსაც სუპერლიგაში ყველაზე მრავალრიცხოვანი სტაფი ჰყავს, გამოჩნდა, რომ სამუშაო აქვს და ეს პროცესი კავკასიელთათვის არახალია. წინა სეზონშიც მძიმედ დაიწყო გუნდმა და შემდეგ სუპერლიგის ფინალში გავიდა.
B ჯგუფი
რუსთავი vs რაში
სტატისტიკა: 86:63
რუსთავის გუნდი “ა” ლიგაშია, თუმცა არ გასჭირვებია სუპერლიგელი “რაშის” 23 ქულით დამარცხება. ქვემოქართლური გუნდი აშკარად ჯაბნიდა მეტოქეს, რომელიც ლეგიონერების გარეშე თამაშობდა. რუსთავს კი “ა” ლიგის კვალობაზე უძლიერესი გუნდი ჰყავს. რუსთაველთათვის ჩემპიონატი იანვარში იწყება, თუმცა გუნდმა უკვე ჩამოიყვანა 3 ლეგიონერი, დაიმატა სუპერლიგაში გამოცდილი რამდენიმე მოთამაშე, პლუს რუსთაველი ახალგაზრდები და შედეგად ქალაქ ისევ დაუბრუნდა აქტივობა.
რუსთავის ახალ სპორტის სასახლეში ტევა არ იყო. ქომაგებმა კვლავ ბოლომდე შეავსეს ტრიბუნები, მით უფრო, რომ გუნდი სუპერლიგაში აღარ არის და გვერდში დრომა ახლა უფრო მეტად სჭირდება. ამ გაქანებით ქვემოქართლელებს უმაღლესში დაბრუნების დიდი შანსი აქვთ და ყველაფერი “ა” ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ გამოჩნდება. მანამდე კი წინ გრძელი პროცესია, რომელსაც გოგა ცეკვავა მთავარი მწვრთნელის რანგში უძღვება.
რუსთაველებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და თუ არ ჩავთვლით ბოლო პერიოდში მცირე წაფორხილებას, როცა მეტოქე 4 ქულით მიუახლოვდა, თითქმის არაფერი გასჭირვებია. რაც გუნდისთვის მთავარია, შემადგენლობა დაბალანსებულია და მწვრთნელს სრულფასოვანი სათადარიგოების იმედიც აქვს.
რაშს რაც შეეხება, გუნდი უცხოელ კალათბურთელებს ელის და შემადგენლობას სუპერლიგის დაწყებამდე გაიძლიერებს, თუმცა, აშკარაა, რომ ალექსანდრე ნოზაძის გაწვრთნილ გუნდს წინ რთული სეზონი ელის.