რუსთავში გამარჯვებამ “აკადემიას” ლიდერობა დაუბრუნა

რუსთავში გამარჯვებამ “აკადემიას” ლიდერობა დაუბრუნა

დღეს რუსთავში 18–წლამდელთა ჩემპიონატის ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა – ერთმანეთს ადგილობრივი “რუსთავი” და თბილისის “აკადემია” ხვდებოდნენ.
გია კაზანჯიანის გუნდმა ტურნირის 4 მოგებით დაწყების შემდეგ ბოლო ორი შეხვედრა წააგო და ცხრილში პირველობა დაკარგა. რუსთავში წაგება კი მეტისმეტი იქნებოდა “აკადემიისთვის” და ამიტომაც იყო, დედაქალაქელებმა დიდი ბრძოლა რომ გაუმართეს მასპინძლებს და საბოლოოდ, უდაძაბულეს ბრძოლაში დაამარცხეს.საერთოდ, ყველა გუნდს ჰყავს ლიდერი, მაგრამ ამ ორს გამორჩეულად. რუსთაველთა წინამძღოლია აკაკი დვალიშვილი, აკადემიელთა კი – მერაბ ბოქოლიშვილი და ეს შეხვედრაც სწორედ ამ მოთამაშეების დუელი გამოდგა. ეს რომ არც ავღნიშნოდ, ისედაც ნათელია, რადგან რუსთაველთაგან 10–ქულიან ზღვარს მხოლოდ დვალიშვილი ასცდა და მანაც 32 ქულა მოიხვეჭა, რასაც 15 მოხსნაც მოაყოლა. რაც შეეხება აკადემიელ ბოქოლიშვილს, მან 24 ქულა და 8 პასი მიითვალა.თამაში თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა მოიგესს 1 ქულით, მეორეს შემდეგ კი უკვე “აკადემია” იგებდა ქულას. მესამე მეოთხედის ბოლო პერიოდის დაწყებამდე კი ფრე იყო და ყველაფერი მანამ არ გადაწყდა, სანამ ბოლო წუთებმა არ მოატანა.ცხადი იყო, ასეთ თანაბარ თამაშში გამარჯვება მას დარჩებოდა, ვისაც გაუმართლებდა და ფორტუნამ აკადემიელებს გაუღიმა. ბოქოლიშვილის გამოზომილი პასით ლევან ელიაძემ საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე სამქულიანი ჩააგდო, რასაც მისმა თანაგუნდელმა, გოგა ჯავახიშვილმა, მორიგ შეტევაში კვლავ სამიანი მოაყოლა და რუსთაველებიც აქ გატყდნენ. სირენამდე წუთი რჩებოდა, “აკადემია” კი 5 ქულით დაწინაურებულიყო.ამ გამარჯვებამ “აკადემიას” ცხრილში პირველი ადგილი დაუბრუნა. დინამოელებსაც 2 მარცხი აქვთ, თუმც ერთით ნაკლებ შეხვედრაში.