საინტერესო დუელით გამორჩეული ტური

საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ ტურს, ტრადიციულად, ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა. მთლიანობაში 5 მატჩი გაიმართა. არ შედგა ერთი შეხვედრა, რომელშიც ჩემპიონატიდან მოხსნილ „ვესტას“ უნდა ეთამაშა. დებულების თანახმად, ჩემპიონატიდან დისკვალიფიცირებულ გუნდს კალენდრით გათვალისწინებულ ყველა დარჩენილ მატჩში წაგება ჩაეთვლება. „ვესტას“ მოხსნის მიზეზი კი მატჩებზე არგამოცხადება იყო. მეორე შემთხვევის შემდეგ ასაკობრივი ლიგიების ხელმძღვანელობამ ვესტელები 14-წლამდელთა ჩემპიონატს ჩამოაშორა.
დედის დღეს, 3 მარტს გამართული შეხვედრებიდან, დაძაბული იყოო, ვერც ერთზე ვერ ვიტყვით. მეტნაკლებად საინტერესო გამოდგა „დინამოსა“ და „ბასტიონის“ დაპირისპირება – ისიც პირველი ტაიმი. პირველი მეოთხედის 9 ქულით წაგების შემდეგ ბასტიონელებმა მეორე 23:13 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის ქულით დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედში ყველაფერი გაირკვა. „დინამომ“ არ დაინდო მეტოქე, ათწუთეული 29:5 მოუგო და შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია.
დაახლოებით ანალოგიური სცენარით წარიმართა „ჰიუნდაისა“ და „ბათუმის“ შეხვედრა. ზღვისპირელები თავდაპირველად 11:0 დაწინაურდნენ და ისეთიო შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ლაშა ოჩხიკიძის შეგირდები „ჰიუნდაის“ გაანადგურებდნენ, თუმცა მომდევნო წუთებში „ავტომობილისტებმა“ იჩაუქეს და მეოთხედის ბოლომდე ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. შეხვედრა გარკვეულ ხანს თანაბრად მიმდინარეობდა, სანამ ბათუმელები მატჩის სადავეებს ბოლომდე არ დაეუფლნენ და მეტოქის წინააღმდეგობა არ გატეხეს.
ამ შეხვედრაში უდაოდ გამორჩეული მოთამაშე ორივე გუნდს ჰყავდა. „ჰიუნდაის“ თორნიკე აბულაძე, რომელმაც 28 ქულა და 22 მოხსნა მოაგროვა, ხოლო „ბათუმს“ – დათო აფხაზავა. თუკი თორნიკე ყველა მეურვეზე ერთი თავით მაღალი, ათლეტურობით გამორჩეული კალათბურთელია და სწორედ ამის ხარჯზე აღწევდა წარმატებას, აფხაზავა უკანა ხაზიდან, ძირითადად გამჭოლი გარღვევებითა და გადაცემებით აოცებდა აკადემიაში მოსულ გულშემატკივრებს. ბათუმში ამ ბიჭის დიდად ეიმედებათ და ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს. დათო ისეთ პასებს აკეთებდა, ისე მოხდენილად ასრულებდა რთულ საკალათბურთო ილეთებს, რომ არ შეიძლება, მეტოქე გუნდის ქომაგებიც კი აღტაცებაში არ მოსულიყვნენ. აფხაზავამ საბოლოოდ 39 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა მოაგროვა, თუმცა მთელ ამ მონაგრად ის რამდენიმე გარღვევა და უზუსტესი პასი ღირს, რომელიც ამ ციცქნა ბიჭმა განახორციელა. აფხაზავამ 17 თებერვალს „გორის“ წინააღმდეგ ოთხმაგი დუბლი შეასრულა, როცა 28 ქულა, 15 პასი, 11 მოხსნა და 10 ჩაჭრა მოაგროვა.
14-წლამდელთა ჩემპიონატის კიდევ ერთმა გამორჩეულმა მოზარდმა – გიორგი ცირეკიძემ – მხოლოდ 10 წუთს ითამაშა. მიზეზი „აკადემიასა“ და „მარნეულს“ შორის კლასში არსებული სხვაობაა. გელა წულაძემ აკადემიელებს სათამაშო დრო თითქმის თანაბრად გადაუნაწილა, ცირეკიძესაც ამიტომ მოუწია მოედანზე მცირე ხნით ყოფნა, თუმცა 10 წუთში მან 18 ქულის მოგროვება მაინც მოასწრო და თავისი გუნდის ბომბარდირიც გახდა. „აკადემიამ“ საბოლოოდ მაინც დიდი სხვაობით დაამარცხა “მარნეული” – 80:19.
„ავერსისა“ და „გორის“ დაპირისპირება მედიკოსების გამარჯვებით დასრულდა. მედიკოსებს 17 ქულით ვატო თუთაშვილმა ულიდერა, ხოლო გორეთაგან 15 ქულა და 20 მოხსნა ჰქონდა ნიკა დარბაიძეს. 20 მოხსნა და 19 ქულა დააგროვა ქუთაისელმა ლადო ფურცხვანიძემ, რომელმაც „კომაროვის“ დამარცხებაში იოანე გუბაევთან (25 ქულა) ერთად ლომის წილი შეიტანა.
 
 
 
14–წლამდელთა ჩემპიონატი. საკალათბურთო აკადემია. 3 მარტი
აკადემია 80:19 მარნეული
32:2, 19:8, 21:6, 8:3
აკადემია: ცირეკიძე (18), გოცაძე (14)
მარნეული: შამფრიანი (9)
 
ავერსი 54:37 გორი
18:6, 12:8, 5:14, 19:9
ავერსი: თუთაშვილი (17), ხაჩიძე (9)
გორი: დარბაიძე (15 ქულა, 20 მოხსნა), პავლიაშვილი (10)
 
კომაროვი 35:79 ქუთაისი
3:18, 12:22, 12:24, 8:15
კომაროვი: ბარათელი (11)
ქუთაისი: გუბაევი (25), ფურცხვანიძე (19 ქულა, 20 მოხსნა)
 
ჰიუნდაი 55:85 ბათუმი
12:14, 9:23, 23:23, 11:25
ჰიუნდაი: აბულაძე (28 ქულა, 22 მოხსნა)
ბათუმი: აფხაზავა (39 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა, 4 ჩაჭრა), ბაბილოძე (16)
 
დინამო 74:49 ბასტიონი
19:10, 13:23, 29:5, 13:10
დინამო: ჭიჭვეიშვილი (17)
ბასტიონი: შარაბიძე (17)