საკალათბურთო კლუბი „მეგა“ სუპერლიგის მეორე წრიდან ოფიციალურად „მარგვეთის“ სახელით იასპარეზებს. თბილისური კლუბის ხელმძღვანელების განცხადებით გუნდის სახელის შეცვლა ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგია. სავარაუდოდ შემდეგი სეზონიდან „მარგვეთი“ ზესტაფონში გადაინაცვლებს და საშინაო თამაშებს ქალაქის ახლად რეაბილიტირებულ საკალათბურთო დარბაზში ჩაატარებს. კლუბის წარმომადგენლების განცხადებით მუნიციპალიტეტთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია და მათ შორის მემორანდუმი უახლოეს დღეებში გაფორმდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისურ კლუბებში რეგიონებში გადასვლის ტენდენცია შეიმჩნევა, რაც თავისთავად როგორც კალათბურთის განვითარებას ასევე კერძო კლუბებისთვის დამატებითი დაფინანსების მოძიებას გულისხმობს. მეგას მსგავსად რეგიონში უკვე გადაინაცვლა „ტყიბულის ორბმა“ და „გურჯაანის დელტამაც“. მარგვეთის წარმომადგენლების განცხადებით მუნიციპალიტეტთან მოლაპარაკების შემდგომ ზესტაფონში საკალათბურთო სკოლის გახსნა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები იგეგმება.