სტუდენტურ დერბის რეკორდულად ბევრი მაყურებელი დაესწრო. კავკასიის საერთაშორისო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების მატჩის 2000-ამდე მაყურებლიდან აბსოლუტური უმრავლესობა თსუ-ს მხარდაჭერები იყვნენ. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ახალი ძალით გაუკეთა მობილიზება ფან-კლუბს, რომლის დაახლოებით 1500 მეტი წევრი დღეს თბილისი არენაზე თსუ მხარდასაჭერად მოვიდა.
მხარდაჭერა კი ნამდვილად სჭირდებოდა უნივერსიტეტელებს. მეტოქე კავკასია გახლდათ, რომელმაც წინა სეზონის პლეი ოფში თსუ 5-მატჩიან სერიაში დაამარცხა. ახლა ორივე გუნდი გადასხვაფერებულია, თუმცა გამოკვეთილი ფავორიტი არც ერთი არ გახლდათ. თსუ-ში ერთბაშად 3 ამერიკელს ჰქონდა დებიუტი, პლუს ამას დაბრუნდა ვირუსისგან მომჯობინებული გიორგი ცინცაძე. დანამატი მართლაც დიდი გახლდათ, მაგრამ მეორე მხარი ის იყო, დებიუტანტები რამდენად კარგად შეეწყობოდნენ გუნდს და როგორ წავიდოდა კომბინაციური და დაცვითი თამაში.
მთავარი, რასაც დარბაზში მოსული მაყურებელი ითხოვს, დაძაბული, საინტერესო და შეძლებისდაგვარად თვალსასეირო თამაშია. ამ მატჩმა ყველა ეს პირობა შეასრულა. მაყურებელმა იყოლა ლამაზი მომენტები, თანაბარი ბრძოლა, ბოლო წამებამდე დაძაბულობა და მაყურებელთა მოთხოვნილებიდან გამომდინარე, მთავარიც: გამარჯვება. 90 პროცენტზე მეტი დამსწრე ხომ თსუ-ს ქომაგობდა და მათ მიიღეს ის, რისთვისაც დარბაზში მოვიდნენ და მთელი თამაშის მსვლელობისას თავის გუნდს ქომაგობდნენ.
შეხვედრის მსვლელობა იყო გარდამავალი: ლიდერი 12-ჯერ შეიცვალა. არც ერთი გუნდი არ თმობდა: ბოლო წამებამდე ქულა-ქულაზე თამაში მიმდინარეობდა. თსუ-ს 3 ახალწვეული ლეგიონერიდან 2-მა თავი გამოიჩინა. განსაკუთრებით ფორვარდმა დევონტე ტომასმა, რომელიც 19 ქულით თსუ-ს ბომბარდირი გახდა.
შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. თსუ-ს გამარჯვება დაცვაში კარგმა თამაშმა განაპირობა. ბოლო 2 წუთში მათ კსუ-ს კალათბურთელებს ზედიზედ 4 შეტევაში არ მისცეს ბურთის ჩაგდების საშუალება და მიუხედავად იმისა, რომ შეტევაში თავადაც ვერ გამოირჩნენ, 2-ქულიანი ლიდერობა ბოლო წამებამდე შერჩათ. კავკასიას ბოლო წამებზე გამარჯვების შანსი მიეცა, მაგრამ გივი ბაქრაძეს კარსონ ბაშამმა დააფარა – 76:74 (სტატისტიკა) თსუ-ს სასარგებლოდ.
თსუ-ში საუკეთესო შედეგი კვლავ ალექსანდრე ფევაძემ დააფიქსირა – 18 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება. ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა 16 ქულა მიითვალა, უბერებელი გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 12 ქულა, 10 პასი და 5 მხსნა დაგროვდა. კავკასიელთაგან საუკეთესო შედეგი გიორგი ტურძილაძემ დააფიქსირა – 14 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი. 20 ქულით დაასრულა შეხვედრა შამარ რაითმა.