სტუდენტური ლიგაში ასპარეზობის უფლება შეინარჩუნა სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა. ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილმა მედიკოსებმა საკვალიფიკაციო სერიის მეორე მატჩიც მოუგეს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გუნდს და საბოლოო გამარჯვებას მიაღწიეს.
ეს გახლდათ სტუდენტური ლიგის წინა სეზონში A და B ლიგებში შესაბამისად მე-7 და მე-2 ადგილებზე გასული გუნდების შერკინება, რომლის გამარჯვებულსაც A ლიგის 2022-2023 წლების გათამაშებაში ადგილი ერგებოდა. პირველი მატჩი სამედიცინო უნივერსიტეტმა იოლად – 85:56 მოიგო, თუმცა მომდევნო მატჩში ქუთაისელებისგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა.
პირველი პერიოდის შემდეგ 14:13 იყო მედიკოსთა სასარგებლოდ. მეორე მეოთხედი კი ქუთაისელებმა 20:17 მოიგეს და დიდ შესვენებაზე ლიდერის როლში გავიდნენ – 33:31. ბრძოლა გაგრძელდა მეორე ნახევარშიც. მესამე ათწუთეული მედიკოსებმა 19:15 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ დაწინაურდნენ – 50:48. სამედიცინო უნივერსიტეტმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა – 77:73 (სტატისტიკა) და სერია სათავისო ანგარიშით დაასრულა – 2:0.
სამედიცინოს ლუკა ხარაბაძემ 21 ქულითა და 12 მოხსნით ულიდერა. 16 ქულა ირაკლი ქოჩიაშვილის ანგარიშზეა. 14 ქულა მოაგროვა ირაკლი ჯებაშვილმა. ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გუნდში 19 ქულითა და 26 მოხსნით საუკეთესო იყო ნოდარ ხუციშვილი.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური ლიგა გახლავთ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ შემუშავებული ერთობლივი პროექტი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და სტუდენტურ გუნდებს პროფესიონალური კალათბურთისკენ უხსნის გზას.
სტუდენტური ლიგა, 2018 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს სტუდენტი კალათბურთელების პროფესიულ სპორტში ჩართვას, სტუდენტური გულშემატკივრობის გაძლიერებას, უმაღლეს სასწავლებლებსა და ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური ლიგის გამარჯვებული გუნდი საქართველოს საუნივერსიტეტო ლიგის ჩემპიონი გახდება და მომდევნო, 2023-2024 წლების სეზონის საქართველოს „ა“ ლიგაში იასპარეზებს, სადაც შესაბამის დაფინანსებას მიიღებს და სუპერლიგის საგზურისთვის იბრძოლებს!