სამი რეგიონის ხუთმა ქალაქმა კალათბურთის განვითარების პროგრამით ტაბლოები მიიღო

სამი რეგიონის ხუთმა ქალაქმა კალათბურთის განვითარების პროგრამით ტაბლოები მიიღო

რეგიონებში კალათბურთის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მორიგი გასვლითი ვიზიტები განახორციელა. გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის 5 ქალაქში სტუმრობა იმ პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომელსაც ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტი ბოლო წლებია, ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონული კალათბურთის ფედერაციების საკალათბურთო ინვენტარით მომარაგებას, ამჯერად კი აღნიშნული რეგიონების ქალაქებმა – ოზურგეთმა, ფოთმა, სენაკმა, სამტრედიამ და ხონმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები და 24-წამის დამთვლელი მოწყობილობა მიიღეს. ამ მომენტისთვის, ფედერაციამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე საქართველოს 9 ქალაქს გადასცა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო. 

აღნიშნულ ქალაქებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული  ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ონიანი, მისი მოადგილე ალეკო პეტრიაშვილი და ფედერაციის ტექნიკური და პრეს-სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ. თითოეულ რეგიონში სტუმრებს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და რეგიონული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტები დახვდნენ. ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრთან და ნბა-ს 2002 წლის დრაფტის მე-5 ნომერ ნიკოლოზ ცქიტიშვილთან შესახვედრად თითქმის ყველა ქალაქში მოზარდი კალათბურთელები მივიდნენ, რომლებსაც ცნობილმა სპორტსმენმა მასტერკლასი ჩაუტარა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

ხონში სპეციალურად ჩამოვიდა ეროვნული ნაკრების მოქმედი წევრი – დუდა სანაძე, რომლის მამაც, ასევე ცნობილი კალათბურთელი, გია სანაძე ამ ქალაქიდანაა და დარბაზში, რომლისთვისაც თბილისიდან ტაბლო ჩაიტანეს, არაერთი ვარჯიში ჩაუტარებია. ინვენტარის ჩატანასთან ერთად ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს რეკომენდაციები მისცეს სპორტული დარბაზების კეთილმოსაწყობად და არსებული პირობების სტანდარტების შესაბამისობაში მოსაყვანად. თითქმის ყველა ქალაქში გაიცა დაპირება, რომ მოწესრიგდება ის ხარვეზები, რაც კონკრეტულ დარბაზებს აწუხებთ – უმეტესწილად ეს მოედნის საფარს და გათბობას ეხება. 

რეგიონების განვითარების პროგრამას კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, რათა ქვეყნის ყველა საკალათბურთო კერა ინფრასტრუქტურულად მოაძლიეროს და ადგილობრივ ახალგაზრდებს სპორტის ამ სახეობით დაკავების ინტერესი და მოტივაცია გაუძლიეროს.

გურიის რეგიონი – ოზურგეთი 

 

სამეგრელოს რეგიონი – ფოთი

 

სამეგრელოს რეგიონი – სენაკი

 

იმერეთის რეგიონი – სამტრედია 

 

იმერეთის რეგიონი – ხონი