სანაძე-ბურჯანაძის გუნდმა ესპანეთში პირველი გამარჯვება იზეიმა

სანაძე-ბურჯანაძის გუნდმა ესპანეთში პირველი გამარჯვება იზეიმა

დუდა სანაძისა და ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტმა” ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა.  ქართველ ლეგიონერთა გუნდს ზედიზედ 5 მატჩი ჰქონდა წაგებული, კვირა საღამოს კი შინაურ კედლებში ევროლიგის მონაწილე “გრან კანარიას” უმასპინძლა და 74:63 სძლია. მატჩში მონაწილეობა ორივე ქართველმა მიიღო. 3-მატჩიანი პაუზის შემდეგ ბურჯანაძე მოედანზე ისევ გამოჩნდა.

სანაძემ მოედანზე 14:37 წუთი გაატარა და აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა სპურტი მე-3 მეოთხედის მიწურულს მოედანზე დუდას გამოჩენას მოჰყვა. ქართველმა კალათბურთელმა 5 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანაძემ 2-დან 1 სამქულიანი და ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. დუდას მოედანზე ყოფნის პერიოდში, “გიპუზკოა ბასკეტმა” სტუმრებზე 15 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ბურჯანაძემ 3:54 წუთი ითამაშა და 2 საჯარიმო ააცილა, აქტივში შეტევაში მოხსნა ჰქონდა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

“გიპუზკოა ბასკეტი” ერთადერთი მოგებით კვლავაც ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 3 ნოემბერს, სტუმრად, “ობრადოიროსთან” გამართავს.