ყატარში დასრულებული ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირში დუდა სანაძის “ალ ხორი” და მიხეილ ბერიშვილის “ალ შამალი” მონაწილეობენ. სანაძის ალ ხორმა მეოთხედფინალში ალ ვაკრასთან 69:88 წააგო, ქართველი კალათბურთელი კი თავის გუნდში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო. დუდამ შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 14-დან 7 ორქულიანი, 9-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ქართველ ლეგიონერს აქტივში 6 მოხსნა, 8 პასი და 2 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – 2 დაკარგვა.
შეგახსენებთ, რომ სანაძემ ყატარული სეზონის მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო და რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუხდა, თუმცა, გუნდის ბოლო ორ შეხვედრაში ისევ საქმეში გახლდათ და ჯამში 52 ქულა ჩააგდო.
საპირისპიროდ, სწორედ ბოლო შეხვედრებში არ სჩანს ალ შამალის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ბერიშვილი. მან ყატარის ჩემპიონატის ფინალი გამოტოვა, რომელიც მისმა გუნდმა ალ გარაფასთან 71:89 წააგო და ვერცხლის მედლებს დასჯერდა, ახლა კი, თასის მეოთხედფინალშიც არ უთამაშია. ალ შამალმა ალ აჰლის დამატებით დროში 95:90 მოუგო და ნახევარფინალში, რომელიც 1 თებერვალსაა დაგეგმილი, ალ სადს დაუპირისპირდება.