სანდრო მამუკელაშვილის ოფიციალური დებიუტი ლეიკერსში | კალიფორნიელებმა გოლდენ სტეიტს გადაუარეს

სანდრო მამუკელაშვილის ოფიციალური დებიუტი ლეიკერსში | კალიფორნიელებმა გოლდენ სტეიტს გადაუარეს

ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატი „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ შთამბეჭდავი გამარჯვებით გახსნა. კალიფორნიულმა გრანდმა შინაურ არენაზე „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად, 127:105 დაამარცხა. ეს შეხვედრა განსაკუთრებული გახლდათ სანდრო მამუკელაშვილისთვის, რომელმაც „ლეიკერსის“ მაისურით ოფიციალურ მატჩში სადებიუტო წუთები ჩაწერა.

ქართველი ფორვარდი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე გამოყოფილ 22 წუთში საკმაოდ პროდუქტიული და სასარგებლო იყო. სანდრომ საკუთარ გუნდს 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოუტანა. მამუკელაშვილმა თამაშიდან 5-დან 2 ტყორცნა მოათავსა კალათში და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მის მოედანზე ყოფნისას „ლეიკერსმა“ მეტოქეზე 12 ქულით მეტი დააგროვა, რაც სკამიდან შესული მოთამაშისთვის ერთ-ერთი საუკეთესო (+12) მაჩვენებელი გახლდათ.

რაც შეეხება შეხვედრის მთავარ გმირებს, ლოსანჯელესელთა რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს გუნდის ლიდერებმა. ლუკა დონჩიჩმა 30 წუთში 28 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა, ხოლო ოსტინ რივზმა 23 ქულა და 6 პასი მიითვალა. ფენომენალური ეფექტურობა აჩვენა უოკერ კესლერმაც, რომელმაც თამაშიდან ყველა ტყორცნა (12-დან 12) ჩააგდო და შეხვედრა 26 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა. სან-ფრანცისკოელთა შემადგენლობაში 23 ქულით სტეფ კარი გამოირჩა, თუმცა „უორიორსმა“ მეტოქის მძლავრ შეტევას ვერაფერი დაუპირისპირა.

შენდეგ მატჩს ლეიკერსი 24 ოქტომბერს, კვლავ შინ თანაქააქელ “კლიპერსთან” გამართავს.