საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატების – სანდრო სანაძისა და გეგი ბაქრაძის “ტამიშ პანჩევომ” სერბეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა, რაშიც ქართველმა კალათბურთელებმა დიდი როლი ითამაშეს. ტამიშმა დუნავს 87:76 სძლია, ქართველი ლეგიონერების ჯამური მონაგარი კი 26 ქულა იყო.
25 წლის სანაძემ უკანახაზელის პოზიციაზე მოედანზე 29 წუთი გაატარა და 18 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. სანდრომ 7-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ. 27 წლის ბაქრაძე ცენტრის რანგში თამაშში ასევე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გეგიმ 3-ვე ორქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, 3 შეცდომა დაუშვა, მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ და მატჩს 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დაემშვიდობა.
შეგახსენებთ, რომ სანაძე და ბაქრაძე სერბულ კლუბში სადებიუტო სეზონს ატარებენ, მათ ტამიშს კი მომდევნო მატჩი 9 ოქტომბერს სტუმრად ზლატიბორთან ელის. ეროვნულ ჩემპიონატს მოგვიანებით შეუერთდება ბორაცი, რომლის ღირსებასაც სანდროს ძმა დუდა სანაძე იცავს. მისმა კლუბმა ადრიატიკის ლიგაში სლოვენიურ ცედევიტა ოლიმპიასთან 76:85 წააგო, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კი თამაშში არ ჩართულა, არადა, მატჩისწინა მოთელვა სხვებთან ერთად გაიარა ანუ ტრავმა არ აქვს.