სანიკიძე 18 წუთში საუკეთესო გახდა, მარკოიშვილმა 11 ქულა დააგროვა

სანიკიძე 18 წუთში საუკეთესო გახდა, მარკოიშვილმა 11 ქულა დააგროვა

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში გამარჯვებები მოიპოვეს ქართველი კალათბურთელების გუნდებმა. მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ „ბრინდისის“ უმასპინძლა და 84:80 დაამარცხა, ხოლო ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“ „სკავოლინის“ 65:60 სძლია.
თავდაპირველად ორივე „ქართული“ გუნდი აგებდა, თუმცა მატჩის შემობრუნება ორივემ მოახერხა. „სიენამ“ პირველი მეოთხედი 19:20 წააგო, დიდი შესვენებისთვის კი პესაროელებმა უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდეს – 37:28. სიენელები მეორე ტაიმში ოდნავ გამოფხიზლდნენ და ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, ხოლო მატჩის დასრულებამდე 4 წუთიით ადრე დაწინაურდნენ კიდეც – 58:57. სამწუხარო ისაა, რომ სიენელებმა მატჩში გარდატეხა ქართველი კალათბურთელის გარეშე მოახდინეს. სანიკიძე ბოლო მეოთხედში მოედანზე არ გამოჩენილა, არადა, 18 წუთში მას 9 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა მოგროვებული. ვიქტორმა 4-დან 4 საჯარიმო, 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი ჩააგდო.
სანიკიძე მოედნიდან მესამე მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გავიდა და თამაშში აღარ დაბრუნებულა. მის მიერ მოგროვებული მარგი ქმედების კოეფიციენტი, რაც ყველა სასარგებლო სტატისტიკური მაჩვენებლის ნაზავს წარმოადგენს, საუკეთესო იყო და მატჩის ბოლომდეც ასე დარჩა.
„სიენასგან“ განსხვავებით „კანტუ“ უფრო მალე გამოფხიზლდა და სანერვიულოდ საქმე არ გაუხდია. მარკოიშვილის გუნდმა საწყისი მეოთხედი 11:24 წააგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის 9 ქულით ჩამორჩებოდა. კანტუელებმა მატჩის მეორე ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარეს და „ბრინდისი“ საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით დაამარცხეს.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 33 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა. შესაბამისად, მანუჩარმა 11 ქულა მოაგროვა, რასაც 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. მარკოიშვილი თანაგუნდელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტით (12) იგი ჯონათან ტაბუს (22) და ჯეფ ბრუკსს (14) ჩამორჩა.
„კანტუს“ „სიენას“ დარად 3 მოგება და 1 მარცხი აქვს და ეს გუნდები IV-V ადგილებს იყოფენ. მე-5 ტურში მარკოიშვილის გუნდი სტუმრად „ვარეზეს“ ეთამაშება. ამავე დღეს სანიკიძის გუნდი სტუმრად „ბიელას“ დაუპირისპირდება.