სანიკიძე არმანის შეხვდება, პულენმა სეზონი 22 ქულით დაასრულა

სანიკიძე არმანის შეხვდება, პულენმა სეზონი 22 ქულით დაასრულა

დასრულდა იტალიის სერია „ა“-ს რეგულარული ჩემპიონატი. ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“ „დინამო სასარის“ უმასპინძლა და 86:92 დამარცხდა. თუმცა ეს მატჩი არაფერს წყვეტდა: სიენელები გამარჯვების შემთხვევაშიც მე-5 ადგილზე დაასრულებდნენ რეგულარულ ჩემპიონატს.
 
სიენელთა საბოლოო შედეგი 18 გამარჯვება და 12 მარცხია. რეგულარულიოს ბოლო ტურში სანიკიძემ 9 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი და 2 საჯარიმო კი ააცილა.
 
მეოთხედფინალში „სიენა“ მე-4 ადგილზე გასულ „ემპორიო არმანის“ შეხვდება. მოედნის უპირატესობა მილანურ გუნდს აქვს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ამერიკელ წვრ ჯეიოკობ პულენს, რომელიც ბოლონიის „ოკნოპლასტის“ ღირსებას იცავს, ჩვენი ნაკრების უკანახაზელმა შედეგიანად ითამაშა. პულენის გარჯა ამაო გამოდგა ბოლონიელთათვის, რომლებმაც შინ „კანტუსთან“ 69:79 წააგეს.
 
ჯეიკობ პულენი ბოლონიელთა ბომბარდირი გახდა, რომელმაც 35 წუთში 22 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართულპასპორტიანი ამერიკელი თავის გუნდში საუკეთესო იყო. მან 8-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 10-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. „ოკნოპლასტმა“ რეგულარული 10 მოგებითა და 20 წაგებით, მე-14 ადგილზე დაასრულა. დაკარგეს თუ არა ბოლონიელებმა უმაღლეს ლიგაში ადგილი, ეს მაშინ გაირკვევა, როცა სერია „ა“-ში მომავალ სეზონისთვის მონაწილეთა ოდენობა დადგინდება.
 

ჯეიკობ პულენი (მარჯვნივ)