სანიკიძე თამაშობს, მისი გუნდი – ვერა.

სანიკიძე თამაშობს, მისი გუნდი – ვერა.

მორიგი წარმატებული დღე იტალიაში მოთამაშე ქართველებისთვის. მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუმ“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ვიქტორ სანიკიძის კარგი თამაშის მიუხედავად ბოლონიურმა „კანადიან სოლარმა“ (იგივე „ვირტუსი“) ისევ წააგო.
 
„კანტუ“ სერია A-ს დებიუტანტ „ვენეციას“ სტუმრობდა და დაძაბულ ბრძოლაში – 80:76 დაამარცხა. პირველი ტაიმის შემდეგ ქართველების გუნდი ქულით იგებდა, გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე კი კანტუელები 59:55 ლიდერობდნენ და საბოლოოდაც 4 ქულის სხვაობით იმარჯვეს.
 
მანუჩარ მარკოიშვილი ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 8 წუთი გაატარა. შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მასაც არ უთამაშია ბევრი – მწვრთნელმა 9 წუთით დაასაქმა. მიუხედავად არასაკმარისი დროისა, ორივე ქართველმა საკმაოდ შედეგიანად ითამაშა. მარკოიშვილმა 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და ასეთივე წარმატებით ესროლა საჯარიმოს ხაზიდან. საბოლოოდ მანუჩარმა 6 ქულა დააგროვა, რასაც მხოლოდ 1 ჩაჭრა მოაყოლა.
 
თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით ესროლა შერმადინმაც. 9 წუთში გიორგიმ 3-დან სამივე ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 9 ქულა მოაგროვა, რასაც 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაყოლა. ერთი სიტყვით, ქართველებმა თავისი წვლილი შეიტანეს კანტუელთა გამარჯვებაში.
 
რაც შეეხება ვიქტორ სანიკიძეს, ისიც სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მის გუნდს მილანში „არმანის“ წინააღმდეგ ვერაფერი უშველა. ბოლონიელები 64:79 დამარცხდნენ. სანიკიძემ მოედანზე 29 წუთი გაატარა და 10 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით (15) ბოლონიელთაგან მას მხოლოდ ჯუზეპე პოეტამ (17) აჯობა. ვიქტორმა 6-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 ორიანი ჩააგდო. საჯარიმო სროლა მას არ შეუსრულებია.
 

სანიკიძე ბოლონიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო
 
სერია A-ს სამიდან 3 გამარჯვებით „კანტუ“ ლიდერობს. ორიდან 2 გამარჯვების მქონე „სიენა“ კი ამ ტურის მატჩს დღეს გვიან ღამით ატარებს. რაც შეეხება სანიკიძის გუნდს, „კანადიან სოლარი“ 1 მოგებითა და 2 წაგებით მე-13 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „კანტუ“ შინ 29 ოქტომბერს „სკავოლინისთან“ ჩაატარებს, ხოლო ბოლონიელები 30 ოქტომბერს „კრემონას“ უმასპინძლებენ.