სანიკიძემ და სიენამ ბრინდისიზთან ვერ იყოჩაღეს

სანიკიძემ და სიენამ ბრინდისიზთან ვერ იყოჩაღეს

0 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა – ვიქტორ სანიკიძემ სეზონის ყველაზე უშედეგო მატჩი ჩაატარა. „სიენამაც“ ვერ იყოჩაღა და იტალიის ჩემპიონატის ცხრილის შუაში მყოფ „ბრინდიზისთან“ უშანსოდ წააგო.
 
„სიენამ“ შეხვედრა კარგად დაიწყო და 11:2 დაწინაურდა, რის შემდეგაც მასპინძლებმა იძალეს და მეოთხედი ხომ მოიგეს, დიდი შესვენებისთვისაც 40:37 ლიდერობდნენ. მესამე პერიოდში „მონტეპასკიმ“ 25:19 იძალა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 3 ქულით დაწინაურდა, მაგრამ… ბოლო ათწუთეულში „ბრინდიზიმ“ ყველა კომკონენტში დაჯაბნა „სიენა“ და ისე იმარჯვა, სათუოდ საქმე არ გაუხდია – 94:84.
 

 
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და 18 წუთში 2 სამქულიანი და 1 ორიანი უზუსტოდ ესროლა. სიენელებს ბობი ბრაუნმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, მაგრამ გუნდურად მოთამაშე ბრინდიზელების წინააღმდეგ ვერას გახდა. გამარჯვებულებში ერთბაშად 3 მოთამაშე გადასცდა 20-ქულიან ზღვარს, ერთმაც 19 დააგროვა.
 
ამ წაგების შემდეგ „სიენა“ მე-5 ადგილზე კი დარჩა, მაგრამ სანიკიზის გუნდს ქულებით „რომა“ დაეწია. მომდევნო მატჩს სიენელები 3 თებერვალს, „ვარეზესთან“ გამართავენ.