სანიკიძემ სუპერთასი მეტრეველს დაუთმო – გამყრელიძემ “მგლებს” მოაგებინა

 
 
იტალიაში სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და პირველი ოფიციალური ტიტულიც გათამაშდა.  სუპერთასის შეხვედრაში ვიქტორ სანიკიძის “ვირტუსი” ნიკა მეტრეველის “მონტეპასკის” გადაეყარა და 65:87 დამარცხდა.
სანიკიძემ ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 26 წუთში 2 ქულა და 6 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე) მიითვალა. ვიქტორმა სამიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა.
“ვირტუსის” რიგებში დიეგო ფახარდომ 17 ქულა ჩააგდო, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი “მონტეპასკის” აფრიკელი ლეგიონერი რომან სატო გახდა, რომელმაც 19 ქულა მიითვალა. მეტრეველი სიენელთა განაცხადში არ ყოფილა.
ნაყოფიერი დღე ჰქონდა ლაშა გამყრელიძეს, რომლის “მიტელდოიჩერიც” “ბრაუნშვაიგს” გაეჯიბრა და საკონტროლო მატჩში 78:76 იმარჯვა. შეხვედრას 900 მაყურებელი დაესწრო, ქართველმა გამთამაშებელმა კი 10 ქულას 7 შედეგიანი პასი წაამატა.
მატჩის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. რუსი კაშიროვის ზუსტი საჯარიმოების წყალობით, “მგლების” მეტსახელით ცნობილი “მიტელდოიჩერი” 77:73 დაწინაურდა, თუმცა, შაფარციკმა შორეული ტყორცნა გამოიყენა და სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა.
იქვე შაფარციკი გამყრელიძეზე დაჯარიმა და ლაშამაც ანგარიში 78:76 გახადა. მართალია, ქართველს მეორე ტყორცნა გაუცუდდა, თუმცა, ბურთი “მგლებმა” მოხსნეს და საფინალო სირენის ხმაც გაისმა.
რუსულ “ხიმკისთან” საკონტროლო მატჩში 77:78 დამარცხდა ტაირონ ელისის “კახასოლი”. სევილიელები დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი სხვაობით (45:32) გავიდნენ, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. ელისმა 6 ქულის ჩაგდება მოახერხა, ბოლო წამებზე კი საჯარიმო ააცილა და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი ხელიდან გაუშვა.